მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2007 წელს 3 მარტი სმენაზე ზრუნვის დღედ გამოცხადა. 2016 წლიდან ამ დღეს სმენის მსოფლიო დღე დაერქვა.
ადამიანის ექვსი გრძნობიდან სმენას უდიდესი როლი აქვს მის განვითარებაში. სმენის მეშვეობით იგება ურთიერთობები, აღიქმება სამყარო, ადამიანი ერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში. სმენის საშუალებითაა შესაძლებელი ცხოვრების მრავალფეროვნების აღქმა და განგაშის სიგნალის ჩართვა. სამწუხაროდ, მრავალ ადამიანს სმენის პრობლემა აღენიშნება. მათგან 32 მილიონი ბავშვია. თუ ბავშვს სმენა არა აქვს, გაუჭირდება სწავლა, კომუნიკაცია, მის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართვა. ამის გამო ჩაიკეტება საკუთარ თავში, ყოველთვის მოძებნის გარიყვის მიზეზს.
სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლები მოითხოვენ, რომ მარტი სმენადაქვეითებულთა თვედ გამოცხადდეს და ასეთი ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამები შეიქმნას. მართალია, ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც ხორციელდება ღონისძიებები ბავშვებისთვის. ეს არაა საკმარისი, რადგან სმენის პრობლემის მქონე ბავშვიც და მოზრდილიც ინფორმაციის დეფიციტშია.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ხარაგაულში მცხოვრები სმენადაქვეითებული ანდრია ჭიპაშვილის მდგომარეობით დაინტერესდნენ და ოჯახში ესტუმრნენ. ანდრია პატარა ბიჭია, ჯერ შვიდი წლისაა. სმენის პრობლემა რომ ჰქონდა, დედამ 8 თვის ასაკში შეატყო. ბგერებს არ წარმოთქვამდა, ხმაურზე რეაქცია არ ჰქონდა და განგაშის ზარი შემოიკრა. მას შემდეგ მრავალი ღონისძიება გაატარა ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის, ბევრი იბრძოლა, ყველა კარზე დააკაკუნა, სასმენი აპარატიც ჩაუდგა და წინ მაინც მრავალი დაბრკოლება და პრობლემა ხვდება.
ანდრია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში არ სწავლობს. მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ოჯახმა გადაწყვიტა, ანდრია თბილისში სპეციალურ სკოლაში მიეყვანა. ანდრია თბილისის 203-ე სკოლაში სწავლობს. სწავლობს ჟესტურ ენას, წერას, კითხვას, ლოგოპედი სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. მაია, ანდრიას დედა, ამბობს, რომ თბილისში ანდრია თავს ძალიან კარგად გრძნობს, დამოუკიდებლად ისწავლა პირადი ჰიგიენის დაცვა, ჭამა, რამდენიმე მარტივი სიტყვა. ძირითადად, მარცვლებით საუბრობს, ირგვლივ მყოფები ანდრიას საუბარს თავისუფლად ხვდებიან.
მაია ამბობს, ანდრია რომ ხარაგაულში დარჩენილიყო, ვერაფერს ისწავლიდა, რადგან ბაღში რაც ისწავლა, ისიც დაავიწყდა. ეს გარემო არ არის მასზე ადაპტირებული. თუმცა იმასაც ამბობს, რომ თბილისი მისი ანდრიას მიმართ ძალიან ცივია. საზოგადოებრივ ტრანსპორტშია, თუ თავშეყრის ადგილას, გარშემომყოფებს არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ ანდრიას პრობლემა და უხეშად ექცევიან. მის საუბარს დასცინიან, ერთი-ორჯერ ხელიც ჰკრეს, უყვირესო.
დედა ძალიან განიცდის, რომ საზოგადოებას ასეთი დამოკიდებულება აქვს. ხარაგაულში სულ სხვა სიტუაციაა. ანდრიას ყველა იცნობს, ყველას უყვარს, ეფერება და მისი უცნაური ხმებიც არ აშინებთ. თუმცა სპეციალური სკოლა მისი სამომავლო ცხოვრებისთვისაა აუცილებელი, განათლება სჭირდება, პროფესიის მიღება, თავის დამკვიდრება.
მაიამ 3 მარტის შესახებ არაფერი იცოდა. არასოდეს მიუღია მონაწილეობა სმენადაქვეითებულთა დღის ღონისძიებებში, არც რაიმე საჩუქარი მიუღია ანდრიას. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, ანდრიას პენსიაც აქვს და მისი წამლებისა და მკურნალობის ხარჯებს როგორღაც ფარავენ. ახლა კბილებზე ოპერაცია გაუკეთეს და სახელმწიფომ 1200 ლარით დაუფინანსა. მაია ამბობს, რომ ძალიან გაეხარდება, თუ სახელმწიფო ანდრიას მეტ ყურადღებას მიაქცევს, დღესასწაულებზე საჩუქრებით გაახარებს, ან ისე მოიკითხავს ერთხელ მაინც და ერთ სათამაშოს გაუგზავნის. რა თქმა უნდა, ოჯახი დღედაღამ შრომობს და მისი გამოკვება არ უჭირთ. თუმცა სხვისი ყურადღება ძალიან გაახარებს. შშმ ბავშვები ისეთივე ნაწილნი არიან საზოგადოებისა, როგორიც სხვა, ამიტომ მათაც უნდათ ლამაზი დღეები.
ეკოკლუბელების მიერ ნაჩუქარმა სათამაშო ავტობუსმა და მანქანამ ანდრია ისე გაახარა, მთელი დღე დარბოდა და სიხარულით მღეროდა. დედამ აღნიშნა, რომ სათამაშოებით ვერ ანებივრებენ, რადგან მათი ყოველდღიური საზრუნავი ანდრიას წამალი და აპარატის ელემენტებია. დიდი ოჯახია, სხვა შვილებიც ჰყავთ და სათამაშოების თანხა აღარ რჩება.
სამომავლოდ ეკოკლუბი ისევ ესტუმრება ანდრიას, სკოლაშიც მოიწვევს და ღონისძიებაში ჩართავს, რომ სხვა ბავშვებივით მასაც ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა.
შეკითხვაზე, რა შეგვიძლია ეკოკლუბმა გააკეთოს თქვენთვის და ანდრიასთვისო, დედამ უპასუხა, რომ მათ უკვე გააკეთეს, რადგან ეს სიხარული პატარა ანდრიას არასოდეს დაავიწყდება. ბავშვებს მხოლოდ სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ ბედნიერებისთვის.
თეა ტალახაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი