ხარაგაულელმა წყვილმა – თეა მაღლაფერიძემ და ბესო ხომასურიძემ ოჯახი 2005 წელს შექმნეს. ოჯახის შექმნას წინ ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია უძღოდა. ახლა ისინი ხუთ შვილს ზრდიან და თვლიან, რომ შვილების ჯანმრთელობა უპირველესია და სხვა ყველაფერი – წვრილმანი.
– ჩვენი ურთიერთობა 2000 წელს დაიწყო. ბესომ ქუჩაში დამინახა და მოვეწონე, – იხსენებს თეა, – ბესოს შესახებ ჩემს მესაიდუმლე ბებოს ვუამბე. ბებომ მითხრა, ეგ ისეთი ოჯახის შვილია, არ მოგატყუებსო. ურთიერთობა თბილისში გავაგრძელეთ. იქ ვსწავლობდი, ბესო კი მუშაობდა. ერთ დღესაც, ცოლობა მთხოვა. ნასვამი იყო, ამიტომ თავი შევიკავე.
ამის შემდეგ ბესომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა. სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. არ დაგვიგეგმავს, რამდენი შვილი გვეყოლებოდა. რამდენსაც უფალი მოგვცემდა, იმდენს გავაჩენდი. უფროს ბიჭებს – ლუკას, საბასა და პავლეს სახელები ბესომ შეურჩია. გოგონას დედაჩემის სახელი, ლალი, დავარქვით, ხოლო პატარა ანასტასიას სახელი ოჯახის წევრებმა ერთობლივად შევურჩიეთ. ოჯახში პატრიარქის სამი ნათლული მყავს და ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა.
ბესო ძალიან მოსიყვარულე მეუღლე და მამაა. სამსახურის შემდეგ ქალს ოჯახში ყოველთვის ბევრი საქმე აქვს. ბესო, დაღლილობის მიუხედავად, საღამოს შვილებთან ერთად ატარებს. თუ ბავშვები თამაშობენ, თამაშში ერთვება; თუ მეცადინეობენ – დახმარებას სთავაზობს. ტექნიკურ საგნებსა და რუსულ ენაში მათ ბესო ამეცადინებს, დანარჩენ საგნებში – მე“.
„იმისათვის, რომ ბავშვი სრულყოფილი გაიზარდოს, მთავარი ოჯახური სითბო, სიყვარული და მხარდაჭერაა, – თვლის ბესო ხომასურიძე, – ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია განათლება. ამიტომ ბევრი უნდა იკითხონ. უკეთესი მომავალი მხოლოდ განათლებაშია. დღეს ბავშვების კომპიუტერზე დამოკიდებულება ყველა ოჯახში პრობლემაა, აუცილებელია, მოზარდები წიგნის კითხვას მივაჩვიოთ. მიმაჩნია, რომ შვილების აღსაზრდელად ხარაგაული იდეალური ადგილია. აქ სხვანაირი – ახლო, ყურადღებიანი და თბილი ურთიერთობებია და კარგი განათლების მიღების შესაძლებლობაც გვაქვს“.
„ბევრჯერ გვქონდა ხარაგაულიდან წასვლის შესაძლებლობა, თუმცა არასოდეს მოგვინდომებია, – ამბობს თეა, – გარდა იმისა, რომ ქალაქებში წრეებზე სიარული ფასიანია, ტრანსპორტირებაშიც თანხა გეხარჯება. ხარაგაულში კულტურული, სპორტული თუ საგნობრივი წრეები უფასოა, ან მიზერული თანხაა გადასახდელი. შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ერთმანეთს ყურადღება მიაქციონ და გარკვეული საკითხები თავად მოაგვარონ. თუ თავად ვერ შეძლებენ, მშობლების ამის შემდეგ მოგვმართონ.
შრომას პატარაობიდანვე ვაჩვევ. ლალი ჯერ საბავშვო ბაღშია, თუმცა ნამცხვრის ცხობაში აქტიურად მეხმარება. ბიჭები ბესოს ეხმარებიან. თუ ოჯახში რაიმე საერთო საქმეა, ვცდილობთ ყველა ერთად ჩავებათ. ერთად მუშაობას მეტი ხალისი აქვს, საქმეც უფრო იოლად კეთდება და რაც მთავარია, შვილები შრომას ეჩვევიან. ბავშვმა ელემენტარულზე არ უნდა თქვას, არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთოო. შვილები არასოდეს შემეკითხებიან, ესა თუ ის ნივთი სად არის. თავიანთ ნივთებს თვითონვე აწესრიგებენ.
არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ოჯახის უფროს წევრებთან, დედამთილ-მამამთილთან. ჩემი დედამთილი, – „ცივ ქვაზე დაგასახლებსო“, რომ იტყვიან, – ისეთი შრომისმოყვარე და ენერგიულია. დედა ადრე გარდამეცვალა. ამიტომ ჩემს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ახლა ისინი ცალკე ცხოვრობენ. ჩემი შვილები გაკვეთილების შემდეგ ბებია-ბაბუასთან მიდიან და ისვენებენ. ჩვენთვისაც შუადღის შესვენების ადგილი ჩემი დედამთილ-მამამთილის სახლია.
გაზაფხულის დღესასწაულები ძალიან მახარებს. ბესოს საჩუქრისთვის განსაკუთრებული დღე არ სჭირდება, პატარა სიურპრიზებით ყოველთვის მახარებს. ბავშვებიც მამას ბაძავენ და გაზაფხულზე ყურადღებით მანებივრებენ. თუმცა არც ბებოს ივიწყებენ.
მრავალშვილიანი ოჯახებისადმი სახელმწიფომ მეტი მხარდაჭერა უნდა გამოიჩინოს, – ამბობს ბესო ხომასურიძე, – კარგი იქნება, თუ მშობელს საშემოსავლო გადასახადი არ დაექვითება. მრავალშვილიანი მშობელი თუ არ მუშაობს, სოციალურ დახმარებას აძლევენ და შეღავათებიც აქვთ, მაგრამ თუ მუშაობ და მცირე შემოსავალი გაქვს, არანაირი შეღავათები არ მოქმედებს.
კორონავირუსის გამო ბაღებსა და სკოლებში დასვენება გამოცხადდა. რა ჰქნას მრავალშვილიანმა მშობელმა, სამსახურის უფროსს უნდა შეეხვეწო გათავისუფლებას. არის ასეთი ცხოვრებისეული ნიუანსები, რომლის დარეგულირებაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს“.
– ბავშვებისათვის, სწავლასთან ერთად, გართობაც მნიშვნელოვანია, – ამბობს თეა, – სხვა ქალაქებში კეთილმოწყობილ პარკებს რომ ხედავენ, ჩემი გოგონები მეკითხებიან, ხარაგაულში რატომ არ არის ატრაქციონები.
ბედნიერი ქალი ვარ. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის შვილები და კარგი მეუღლეა. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა გვერდით გყავს მეგობრული, ამხანაგური, ძმაკაცური მეუღლე, რომელიც ყველაფერში გიგებს და გვერდში გიდგას. მართალია, ბევრი გვჭირდება, მაგრამ პირველ ადგილზე შვილების ჯანმრთელობას რომ დააყენებ, იმის იქით ყველაფერი წვრილმანია, თუმცა ჩვენი ცხოვრება ამ წვრილმანებისგან შედგება“.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი