ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინიციატივით დიდვაკის მოსახლეობას სოციალური სუბსიდირების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი შეხვდა. მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ითხოვს.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ დიდვაკის სამედიცინო ამბულატორიიდან ინვენტარი მიაქვთ ვახანში. აქ საქმე რატომ უნდა გავაფუჭოთ? ვითხოვთ, რომ ინვენტარი დარჩეს ადგილზე და დიდვაკეში მივიღოთ სამედიცინო მომსახურება. სოფელში 16 ბავშვია. ვერაფრით ვერ ავიყვანთ ლეღვანში ვერც ასაცრელად და ვერც ჩვენ ვივლით იქ. ამას გვირჩევნია, ხარაგაულში ჩავიდეთ. შვიდი კილომეტრი ფეხით როგორ უნდა გავიაროთ,“ – წუხს დიდვაკეში მცხოვრები ირინა ცხვედაძე.

არჩილ მუკბანიანი განმარტავს, რომ მათ სამსახურში ვახანი და ლეღვანი რეგისტრირებულია როგორც ერთი სამედიცინო ამბულატორია, რომელსაც ემსახურება ორი ექიმი და ორი ექთანი. „ექიმები აზა ფურცელაძე და ირმა ფორჩხიძე შეთანხმდნენ – ქალბატონი აზა მოემსახურება ლეღვნის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებს, ხოლო ქალბატონი ირმა – ვახანის სოფლებს. რეალობა ასეთია – ლეღვნის ტერიტორიულ ორგანოში ორი აღჭურვილი ამბულატორიაა – სოფელ ლეღვანსა და დიდვაკეში, ხოლო ვახანში არაფერი არ არის.“

ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ „ლეღვნის სოფლებიდან ამ კუთხით ყველაზე უყურადღებოდ მარელისი რჩება. გეოგრაფიული მდებარეობის გამო ლეღვნის ამბულატორიის ექთან ნესტან მაღრაძესთვის რთულია სრულყოფილად მოემსახუროს ყველა სოფელს. ამიტომ უნდა დავსახოთ გზები, მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ექთნის შტატი დაამატონ ლეღვანი-ვახანის სამედიცინო ამბულატორიას. დიდვაკის მოსახლეობა ღელავს იმის გამოც, რომ ადგილობრივი მაცხოვრებელი, ექთანი ნელი ხარაიშვილი, მუდმივად ვეღარ იქნება დიდვაკეში, რადგან ის ვახანის ექთნად დაინიშნა.“

პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ დიდვაკის მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან ოფიციალურად დააყენებს საკითხს ექთნის შტატის დამატების მოთხოვნით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ თვითმმართველობა დაასაბუთებს ლეღვანი-ვახანის სამედიცინო ამბულატორიაში ექთნის შტატის დამატების აუცილებლობას. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება გამოძებნის საიმისო გზებს და ფინანსებს, რომ ელემენტარული პირობები შეიქმნას ვახანის ამბულატორიაში.

ვახანის ამბულატორიის ექიმი ირმა ფორჩხიძე ამბობს, რომ ორი კვირაა რაც ვახანში მუშაობას შეუდგა. „იქ არ არის არავითარი პირობა სამედიცინო მომსახურების გასაწევად, – ამბობს ირმა ექიმი, – აუცილებელია ექიმს ჰქონდეს ცალკე კაბინეტი და ცალკე იყოს ოთახი აცრებისთვის. მუნიციპალიტეტის გამგებელი დამპირდა, რომ დაგვეხმარება. რაც შეეხება ინვენტარს, საჭიროა ავადმყოფის გასასინჯად საწოლი და წამლების კარადა. მე ვითხოვ ელემენტარულ პირობებს მუშაობისთვის. უნდა აღვწერო მოსახლეობა, რადგან ადგილზე არავითარი დოკუმენტაცია არ დაგვხვდა. ახლა დამპირდნენ, რომ შეგვიძენენ ახალ სამედიცინო ინვენტარს.“

არჩილ მუკბანიანის თქმით, დაუძლეველი არაფერია. „ასეთ შეხვედრებზე უფრო უკეთ წყდება საკითხები, ვიდრე კაბინეტებში. ლეღვანსა და ვახანს ემსახურება ორი ბრწყინვალე ექიმი – ქალბატონი აზა და ქალბატონი ირმა, კვალიფიციური ექთნები – ნესტან მაღრაძე და  ნელი ხარაიშვილი. ყველა სოფელში სამედიცინო ამბულატორია ვერ გვექნება. მთავარია, შევთანხმდეთ, რომ ლეღვანისა და ვახანის თემის სოფლებში რომელ დღეებში იქნება ექიმი და ექთანი. მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ. არავინ წაიღებს დიდვაკიდან სამედიცინო ინვენტარს. თუ არის საჭიროება და მოთხოვნილება, არგუმენტირებული დასაბუთება, ავწონ-დავწონოთ და მოვითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროდან ექთნის შტატის დამატება,“ – დასძინა დიდვაკელებთან შეხვედრისას არჩილ მუკბანიანმა.

ნინო კაპანაძე