ხარაგაულში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ გასულ წელს გზის ნაწილი წაიღო. ნაპირსამაგრი კედლის მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ოქტომბერში შეისყიდა. თუმცა, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის უქონლობის გამო ამ ტერიტორიაზე საყრდენი კედელი ვერ მოეწყო.

2020 წლის 8 თებერვალს მოდიდებულმა ჩხერიმელამ ნაპირსამაგრი კედელი ჩამოშალა და გზის ნაწილი კვლავ დააზიანა. დამპროექტებელი ორგანიზაციის – შპს „გიასის“ დირექტორი გურამ უგლავა ამბობს, რომ ჩხერიმელაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად მომზადებული პროექტი ხელახალი ჩამონგრევის შემდეგ დაკორექტირდა.

ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი პეტრე შარიქაძე ამბობს, რომ საყრდენი კედლის მოსაწყობად თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან ელოდებიან და ტენდერი თანხის გამოყოფისთანავე გამოცხადდება.

„საგაზაფხულო წყალდიდობების დაწყებამდე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან მდინარე ჩხერიმელას კალაპოტი უნდა გაფართოვდეს და დინება მარცხენა მხარეს მიიმართოს. ამით დარჩენილი ნაპირსამაგრი კედლის ჩამონგრევასა და უფრო მეტ ზარალს ავიცილებთ. ამისთვის ხარაგაულის მერს წერილობით მივმართე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მერიის შესაბამისი სამსახურები ძირულა-ხარაგაული-მოლითის საავტომობილო გზის მშენებელ ორგანიზაცია „ბლექ სი გრუპთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, – ამბობს მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე.