

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 193 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, რამდენიმე პროექტმა შესაძლოა განიცადოს კორექტირება. „ბაზალეთში ვერ მოხერხდა ტრაქტორის შეძენა. ამიტომ ახალი ოქმები შედგება და რასაც მოითხოვს მოსახლეობა, ის გაკეთდება სოფლებში თავიანთი წილი თანხით,“ – განმარტავს დავით დევდარიანი. მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ვახანში. „ვახანის მოსახლეობას სურდა, ელაზნაურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარიტუალო შენობის აგება. ახლა ამ პროექტის განხორციელება გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს გზების მშენებლობაში
გახარჯონ თანხა,“ – ამბობს დავით დევდარიანი. მისი ინფორმაციით, ყველა ეს ცვლილება უნდა შეთანხმდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
დავით დევდარიანის ინფორმაციით, ამჟამად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულში დასრულებულია 50 პროექტი – ძირითადად შეძენილია წყლის მილები და ავზები, ზოგან დასრულებულია გზების შეკეთება.
განსახორციელებელი პროექტების 90 პროცენტზე ხარჯთაღრიცხვები შედგენილია. ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად, დავით დევდარიანის ინფორმაციით, სამ სუბიექტთან არის დადებული. მათ სამუშაოები პირველ ივლისამდე უნდა დაასრულონ. ამჟამად ხელშეკრულება გაფორმებულია 83 პროექტზე, თუმცა დავით დევდარიანი ამბობს, რომ ხელშეკრულებები სამუშაოების შესრულებაზე ეტაპობრივად, ყოველდღიურად ფორმდება.
გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ვარაუდობს, რომ ლაშეში გაზიფიცირების პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ვერ განხორციელდება. „პრობლემებს ვაწყდებით იმ მიმართულებით, რომ საბიუჯეტო სახსრებით შესრულებულ სამუშაოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე ვერ ვიღებთ, ექსპლუატაცია „სოკარ გაზმა“ უნდა გაწიოს. ამიტომ გაზიფიცირების პროექტი გადასახედია და სავარაუდოდ, სხვა მიმართულებით დაიხარჯება ეგ თანხა სოფელში,“ – ამბობს დავით დევდარიანი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, დავით დევდარიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ სექტებრამდე დასრულდება.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,