თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, პროექტის „დებატები უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ტრენინგის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ 2020 წლის თებერვალში დაიწყო და მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. საუბარია ისეთ უნარ-ჩვევებზე, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვ. ამ მიზნის მიღწევა დაგეგმილია ადგილობრივი პედაგოგების პროფესიული განვითარების საშუალებით და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში დებატკლუბის ქსელის განვითარების გზით.

ამისათვის ჯერ სკოლის მასწავლებლები, ხოლო შემდგომ მოსწავლეები დაეუფლებიან მსოფლიოში გავრცელებულ და ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას, რაც არაფორმალური განათლების ამ მეთოდის ფართოდ დანერგვას შეუწყობს ხელს. ცალკეული ღონისძიებები გაიმართება ასევე მედიისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა:

დებატკლუბების გახსნა; მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება დებატების ტექნიკაში; კლუბის წევრების მონაწილეობა ტურნირებსა და ფორუმებში; ეროვნული და რეგიონული კონკურსების ჩატარება; სასწავლო პროგრამის შექმნა/დანერგვა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობით და ა.შ.

პროექტის პირველ ეტაპზე თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და და კახეთში განხორციელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან პროექტში ხუთი სკოლა ჩაერთო, – ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, ვერტყვიჭალისა და ბორითის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები, მათ შორის – ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე და ასევე – სტუმრები: ლალი კალანდაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.

სტუმრებმა მასწავლებლებსა და  რესურსცენტრების ხელმძღვანელებს სერთიფიკატები გადასცეს.