

გასული წლის სექტემბრიდან ხარაგაულის საავადმყოფო შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დაქვემდებარებაშია. შპს „ადითისგან“ საავადმყოფოს მედპერსონალს თვეობით გაუცემელი ხელფასები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დარჩა. რა მდგომარეობაა ამჟამად ხარაგაულის საავადმყოფოში და რა შეიცვალა სექტემბრიდან დღემდე, – ამის გასარკვევად ხარაგაულის საავადმყოფოს ვესტუმრეთ.
მთავარი ექიმის, ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, ამჟამად ხარაგაულის საავადმყოფოში შედარებით უკეთესი მდგომარეობააიმ მხრივ, რომ საგრძნობლად მოიმატა პაციენტების მომართვიანობამ.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ ბევრს შრომობენ, რომ ხარაგაულის სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა გააუმჯობესონ, – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი, – უწყვეტად გვამარაგებენ მედიკამენტებით, სამეურნეო მასალით, საკანცელარიო ნივთებით. ამავე დროს ვიღებთ რეკომენდაციებს პაციენტისთვის ჩვენს მიერ ჩატარებულ მკურნალობაზე. კვალიფიციური ექიმები ამოწმებენ მკურნალობის სიზუსტეს, რაც ძალიან გვეხმარება შემდგომ საქმიანობაში. მედპერსონალისთვის პერიოდულად ტარდება ტრენინგები.“
საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, რომ გაიზარდა ექიმების სახელფასო ანაზღაურება. „გულდაწყვეტილი ვარ, რომ ლაბორანტებისა და სანიტრების ანაზღაურების პროცენტი ისევ დაბალია. თუმცა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც ზრუნავენ. ჯერ არ აგვიღია აპრილის ხელფასი, რადგან ჩვენგან გაგზავნილმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა, დაკორექტირდა და დაგვიბრუნდა შესასწორებლად. ამას კი დრო სჭირდება,“ – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.
ხარაგაულის საავადმყოფოს შემოსავალი, მთავარი ექიმის ინფორმაციით, მაისში საგრძნობლად გაიზარდა. „ჩვენი შემოსავლების მაქსიმუმი აქამდე იყო 10 ათასი ლარი, მაისში 21 ათასი ლარის შემოსავალი მივიღეთ. ეს ჩვენი საქმიანობისთვის დიდი სტიმულია.“
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ქეთევან აბრამიშვილის თქმით, ამ კუთხით ხარაგაულის საავადმყოფოში არაფერი შეცვლილა. დღემდე გაურკვეველია, ხარაგაულში რა ტიპის სამედიცინო დაწესებულება გვექნება – სტაციონარული თუ ემერჯენსის ტიპის. „ისეთი სამედიცინო დაწესებულება უნდა აშენდეს, რომელიც თავისი შემოსავლებით შეძლებს თავის რჩენას. თანახმა ვარ ხუთსაწოლიან საავადმყოფოზეც, შესაძლოა, საკმარისი იყოს ემერჯენსის ტიპის, თუმცა მიმდინარე წელს ნაკლებად ველოდები ახალი საავადმყოფოს მშენებლობას,“ – ამბობს საავადმყოფოს მთავარი ექიმი.
ექიმთერაპევტ თინა მჭედლიძეს საავადმყოფოში იმ დროს შევხვდით, როდესაც მას ბოთლებით მიჰქონდა წყალი სამუშაო ოთახში. „წყალი არ გვაქვს, შვიდი თვეა, – გვითხრა თინა ექიმმა, – სანიტარი მეხმარება ხოლმე, მაგრამ დღეს არ არის და წყალს მე ვზიდავ“.
უკეთესობისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს თინა ექიმი იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლით გაიზარდა ექიმების ანაზღაურება. „ნამდვილად არის სასიკეთო ძვრები, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება ახალი საავადმყოფო. იყოს ათსაწოლიანი, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული, ან ემერჯენსის ტიპის – გადაუდებელი დახმარების ცენტრი. პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია და ახალი საავადმყოფო, როგორც ჰაერი და წყალი, ისე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას,“ – ამბობს თინა ექიმი.
ლეილა მაღრაძე 35 წელია, რაც საავადმყოფოში ლაბორანტად მუშაობს. „ცოტა ხანში საპენსიო ასაკის ვიქნები. ამდენი ხანია ვმუშაობთ, გამოცდილება არ გვაკლია. გვინდა უკეთესი ანაზღაურება. პაციენტთა მომართვიანობა გაიზარდა, მაგრამ ჩვენი ანაზღაურების პროცენტი დაბალია. ძალიან საპასუხისმგებლოა ჩვენი საქმე და მთელი გულისხმიერებით ვაკეთებთ ყველაფერს. თუ ვართ აქ საჭირო, უნდა გვქონდეს მინიმალური ფიქსირებული ანაზღაურება. საავადმყოფოს ახალი შენობა და ახალი ლაბორატორია ხარაგაულში აუცილებელია,“ – ამბობს ქალბატონი ლეილა.
ექთანი რენტგენოლოგი ლილი გველესიანი ამბობს, რომ თებერვალში ხელფასის სახით 16 ლარი მიიღო. „გამომუშავების მიხედვით ვიღებთ ანაზღაურებას და ეს ძალიან მცირეა. ექიმების ტოლ ხელფასს არ მოვითხოვ, მაგრამ 100 ლარი მაინც ხომ უნდა მქონდეს ხელფასი. რენტგენის კაბინეტში მუშაობა მავნეა ჯანმრთელობისთვის. ჩემი ნება-სურვილით ვმუშაობ, მაგრამ უხელფასოდ ძნელია მუშაობა. მართალია, უნდა მყავდეს ავადმყოფი, რომ შემოსავალი მქონდეს, მაგრამ ავადმყოფის არყოფნის შემთხვევაშიც აქ ვარ რეგულარულად. თავად კი დაირიგეს დიდი პრემიები მთავრობაში და მე ასლარიანი ფიქსირებული ხელფასი არ მეკუთვნის?!“
მაკა შავიძე, ექთანი:-პირადად ჩემთვის ის შეიცვალა, რომ ყოველდღიურად დავდივარ საავადმყოფოში და უფრო უკეთესი ანაზღაურება მექნება. მდგომარეობა ინფრასტრუქტურის მხრივ იგივეა, გაიზარდა პაციენტთა მომართვიანობა და ვფიქრობ, უკმაყოფილო აქედან არავის მიდის. ჩვენ თვალი მივაჩვიეთ აქაურ მდგომარეობას, მაგრამ უცხო რომ შემოდის, მაშინ ძალიან გვეუხერხულება მოუწესრიგებელი გარემო-პირობები.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის საავადმყოფოს ლაბორატორიაში
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,