ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის ინფორმაციით, გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. მისივე თქმით, საკრებულომ მთავრობის განკარგულება ამ საკითხთან დაკავშირებით 12 ივნისს მიიღო და ათი დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისიის შექმნა დაევალა. აკაკი მაჭავარიანის ინფორმაციით, ეს სამსახური წლის ბოლომდე ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის ინფორმაციით, სალიკვიდაციო პროცესი, კანონით, 1 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ამიტომ მანამდე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ისევ მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 19 ივნისს მიღებული განკარგულებით, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაინიშნა. კომისიის წევრები არიან: ვლადიმერ გელაშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დავით დევდარიანი – ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, თამარ სულაქველიძე – გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, სიმონ ლიპარტია – გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში, ნიკოლოზ ვეფხვაძე – სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი. საქართველოს მთავრობის სახელით სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტისა და კადრების მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები.

საკრებულოსგან მიღებული განკარგულების თანახმად, სალიკვიდაციო კომისიამ უნდა შეიმუშაოს ლიკვიდაციასთან დაკავშირით გასატარებელი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, დაადგინოს მათი შესრულების ვადები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები. კომისიამ უნდა განსაზღვროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის საშტატო რიცხოვნობის ზუსტი რაოდენობა (შევსებული და ვაკანტური შტატების მითითებით) და დაადგინოს მათი ხელფასების ოდენობები. სალიკვიდაციო კომისია ჩაატარებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინვენტარიზაციას და განსაზღვრავს ინვეტარის ნარჩენ ღირებულებას. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია, შეადგინოს სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყოველთვიური ხარჯების გრაფიკი და განსაზღვროს 2014 წლის 1 დეკემბრისთვის დარჩენილი აუთვისებელი სახსრები. ეს ინფორმაცია კომისიამ უნდა მიაწოდოს შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს.

ნინო კაპანაძე