ოთხი შვილის დედა დილით თვალს ახელ და ფიქრობ – რომელ მაღაზიას მივადგე, რომ საჭმელი ნისიად მომცენ; როგორ გავანაწილო ყოველთვიური სოციალური დახმარება – 560 ლარი გადასახადებში, საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად; საიდან მოვიტანო ზამთრისთვის საკმარისი შეშა?! ეს ხარაგაულში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის, თამარ ჩერქეზიშვილის, ყოველდღიურობაა.

9 აპრილის ქუჩის მეორე ჩიხში, ავარიული სახლის პირველ სართულზე ორ ოთახში ექვსი სული ცხოვრობს. სახლი ხუთი წლის წინ შეიძინეს.

-სახლის საყიდელი ფული არ გვქონდა და ჩემმა მამამთილმა პენსიის სესხი აიღო, – იხსენებს თამარ ჩერქეზიშვილი, – ხარაგაულელი ხათუნა მანჯავიძე გვერდით დაგვიდგა და ფული გვასესხა. ამ სახლში ცხოვრება არ შეიძლებოდა. კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელით და პირველ სართულზე ორი ოთახი მოვაწესრიგეთ. ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი ნაჩუქარია. დიდი ბრძოლა დამჭირდა იმისთვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი სახლის სახურავის შესაძენად მიგვეღო.

2019 წლის ივნისში სტიქიისგან ჭერი ჩამოინგრა. მოვიდნენ ხარაგაულის მერიიდან, დაათვალიერეს. მას შემდეგ არავინ დაინტერესებულა, პრობლემა როგორ მოვაგვარეთ. დიდ უსამართლობას ვხედავ ირგვლივ და ყველაზე მეტად ეს მაშფოთებს. მიპასუხონ, თავად მერი, მისი მოადგილე და სამსახურის უფროსები თვეში 560 ლარად იცხოვრებენ?!

…დამღალა ამდენმა თხოვნამ, წერილების წერამ. ერთ რამეს ვითხოვთ მე და ჩემი მეუღლე – სამსახურს. არ ვთაკილობთ არაფერს. დამლაგებლად მამუშავეთ-მეთქი, ვიხვეწები. დამპირდნენ, აგერ, ცენტრალური ბიბლიოთეკა გადადის ახალ შენობაში და იქ დამლაგებლად აუცილებლად მიგიღებთო. განცხადებაც დამაწერინეს. სიმწრით მეცინება, ისეთი პასუხი მივიღე – თურმე დამლაგებლობისთვისაც კონკურსი უნდა გამევლო…

წლინახევრის წინ, ხარაგაულში გზის მშენებლობა რომ დაიწყო, მერიაში ჩემი მეუღლის მონაცემები მოგვთხოვეს – მუშაობას დავაწყებინებთო. ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია.

თურმე ბრაზდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალურ ქსელში ჩემს გაჭირვებაზე რომ ვწერ და ამბობენ, მაგას მანქანა ჰყავს და არ უჭირსო. ავტომანქანა ჩემი საკუთრება არ არის. თუნდაც იყოს, მხოლოდ მათ უნდათ კომფორტი, მანქანა, ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა და ჩვენ – არაფერი?!

ადამიანური ყოფა ხომ უნდა გვეღირსოს. წლები მიდის. შვილები იზრდებიან. უფროსები ცეკვასა და მუსიკაზე დამყავს. ეს ხომ ელემენტარულია. ესეც მოვაკლო?

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრისთვის სათბობ შეშას აძლევენ. მესამე წელია, ჩვენთვის შეშა აღარ მოუტანიათ. მიზეზს აღარც ვკითხულობ. რა აზრი აქვს? ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით, წელიწადში 100 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, როცა ძალიან მჭირდება, მაშინ არ არის ის ფული. ახლა, მაღაზიაში საკვები პროდუქტების ნისია რომ გავისტუმრო, ტელევიზორი უნდა დავალომბარდო. რა ვქნა, შრომა არ გვეზარება. რა გავაკეთო უფულოდ. ბევრი გეგმა მაქვს, საქმის წამოწყება მინდა, მაგრამ ბანკიდან, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ, სესხს არ გვაძლევენ.

…საღამოობით ჩემი მეუღლე ჩუმად ტირის, ნორმალური ცხოვრება ვერ შეგიქმენით, მე რა მამა ვარო. ამ სახლის მეორე სართული ყოველდღე შეიძლება ჩამოინგრეს. მის გასამაგრებლად ხის მასალა გვჭირდება.

…უსამართლობა გაჭირვებაზე მეტად დამთრგუნველია. ვხედავ, რომ მერიაში, საკრებულოში, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბევრი უსაქმოდაა. ცხოვრება ხალხის ხარჯზე მოიწყვეს. იძულებული ვართ, ქვეყანა დავტოვოთ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში ლტოლვილებად ჩავბარდეთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. არც ამაზე იდარდებს ვინმე. ამ ხელისუფლებას არაფრის რცხვენია.

რა არის ოთხი შვილის დედისთვის ბედნიერება? პირველ რიგში ის, რომ შვილებს არ შიათ.

თბილისში სამუშაოს მეც ვიშოვი და ჩემი მეუღლეც, მაგრამ იქ ბინა უნდა ვიქირავოთ და ამდენს ვერ შევძლებთ. მინდა, ჩემმა შვილებმა ხარაგაულში იცხოვრონ. თუმცა არავის აინტერესებს, ოთხ შვილს როგორ ვზრდი…

P.S. მერის წარმომადგენელი ბაქარ ბარბაქაძე განმარტავს, რომ წელს შეშა იმდენი არ იყო, რომ დაბა ხარაგაულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის გაენაწილებინათ. ამიტომ უპირატესობა მარტოხელებსა და მოხუცებს მიანიჭეს. ზამთრისთვის სათბობი შეშა წელს სულ 26-მა ოჯახმა მიიღო.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ თამარ ჩერქეზიშვილს, როგორც მრავალშვილიან დედას, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება – 200 ლარი ეკუთვნის. ამისთვის მან მერიაში თავისი და მეუღლის პირადობების, შვილების დაბადების მოწმობების ასლები, საბანკო ანგარიშის ნომერი, სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა წარადგინოს.

ნინო კაპანაძე