ჯანმრთელობა არის ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის ერთ-ერთი განმაპირობებილი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ეს არსი ქცევა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა.

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარება 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს, ხოლო საქართველოში 9,000-დან 11,000-მდე ადამიანი იღუპება.

მწეველებს უამრავი „მიზეზი“ აქვთ მოწევისთვის.ისინი ყველაზე დიდი საფრთხეს სწორედ იმ ადამიანებს აყენებენ, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ. პასიური წევის შედეგად  საქართველოში ყოველწლიურად 3 000 ადამიანი იღუპება. სამწუხაროდ, მეორადი კვამლისაგან აბსოლუტური დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალი გარემოა. აგრეთვე ის ფაქტი, რომ ნიკოტინომანია, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების დეგრადაციას, ბევრს ხელს უშლის რეალური საფრთხის აღქმაში.

არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი. თამბაქო სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.  ხშირად საზოგადოებაში გვესმის მოსაზრება – თუ ნიკოტინი საწამლავია, მაშინ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობენ ნიკოტინის დიდ დოზას, რატომ არ იწამლებიან და არც კვდებიან?

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იცოდნენ, რომ ნიკოტინს შეეძლო მოეკლა ადამიანები, ცხოველები… სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზა 50-დან 100 მგ-მდეა. ერთი ღერი სიგარეტი საშუალოდ 10-14 მგ ნიკოტინს შეიცავს. მოწევის პროცესში ორგანიზმში 1,5 მგ ნიკოტინი ხვდება, დანარჩენი კი იმ შენობის ჰაერში რჩება, სადაც ეწევიან. ამგვარად ორგანიზმში ნიკოტინის დოზა თანდათანობით შედის და მისი მავნე ზეგავლენაც თანდათანობით გამოვლინდება. ამავე დროს ნიკოტინს აქვს ნარკოტიკული ბუნება, იწვევს მიჩვევას, რიც გამოც ადამიანები ვერ ანებებენ თამბაქოს მოხმარებას თავს.

ასევე ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ მოწევა გახდომის ყველაზე ეფექტური გზაა. ეს მცდარი სტერეოტიპია, რომელიც სიგარეტისა და ლამაზ აღნაგობას შორის კავშირზე ბევრს მოწევის დაწყებისკენ უბიძგებს. რეალობა კი ასეთია: მართალია ნიკოტინი გარკვეულწილად ზრდის ორგანიზმში კალორიების დაწვის სიჩქარეს და ამცირებს მადას, ზოგჯერ მოწევაზე თავის დანებების შემთხვევაში სხეულის მასის დაახლოებით 4-5 კგ-ით მომატებასთანაც კი არის დაკავშირებული, თუმცა მეორეს მხრივ კვლევები, რომლებიც იკვლევენ სიგარეტის მოხმარებასა და სხეულის წონას შორის კავშირს, მკაფიოდ ადასტურებენ, რომ მწეველებში დაბალი წონა ძირითადად პიროვნული მახასიათებლებითაა განპირობებული და არა სიგარეტის ვითომდა „გამახდუნებელი ეფექტის“ გამო. ამასთან აღმოჩნდა, რომ ის ყოფილი მწეველები, რომლებიც იმატებენ წონაში, სიგარეტის ჩანაცვლებას საკვებით ახდენენ დაქვეითებული ფიზიკური აქტივობის შეცვლის გარეშე. კვლევებმა ასევე უჩვენა, რომ ვინც იწყებს მოწევას და იკლებს წონაში, იმატებს წელის გარშემოწერილობა, თავიანთ არამწეველ თანატოლებთან შედარებით, ეს კი პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ სიგარეტის მოწევა ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის თანაბარ განლაგებას, რაც თავისთავად სხეულის დამახინჯებას იწვევს.

არსებობს ასევე მცდარი მოსაზრება – სიგარეტი გვეხმარება კოორდინაციის და კონცენტრაციის უნარის მომატებაში და იწვევს სასიამოვნო  შეგრძნებებს. კვლევები კი საპირისპიროს ამტიკიცებს: მწეველობა საგრძნობლად აფერხებს რთული ამოცანების შესრულების უნარს, ხოლო სხვა კველევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიკოტინის ქრონიკული ზემოქმედების უარყოფითი ზეგავლენა მეხსიერებაზე. აღმოჩნდა, რომ ამოცანის შესრულებისათვის მწეველებს, არამწეველებთან შედარებით, ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. მოწევისას ნიკოტინი ფილტვებიდან გადადის სისხლში, აღწევს ტვინს, უმაგრდება სპეციალურ რეცეპტორებს, იწვევს იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის გამოც ეწევიან, თუმცა დაახლოებით 40 წუთში კარგავს ეფექტურობას (რეგულარულ მწეველებს მოწევა დაახლოებით 40 წუთში ერთხელ უნდებათ). დგება დრო, როდესაც ნიკოტინის გარეშე ტვინი უარს ამბობს ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

სიგარეტის მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე ბოლო არ უჩანს:  სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები (ფილტვის, კანის…), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნაოჭები, სმენის და მხედველობის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კბილების დაკარგვა, საშვილოსნოს კიბო და თანდაყოლილი სიმახინჯეები, თითებისა და კბილების გაყვითლება, უსიამოვნო სუნი. სიგარეტის მწეველობა აფერხებს დაორსულების შესაძლებლობას, იწვევს იმპოტენციას… და ბოლოს მძიმე ეკონომიკურ ზარალს.

თათია ბლუაშვილი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

P.S. ყოველწლიურად აღინიშნება დღე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე,“ რომლის 2014 წლის გზავნილიც გახლდათ თამბაქოსნაწარმზეგადასახადისზრდისგზითავადობისადასიკვდილობისშემცირება“. ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც სიგარეტი იყიდება, გავაკეთეთ გამაფრთხილებელი წარწერები სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს მომხმარებელი, სანამ სიგარეტის შეძენას გადაწყვეტს.