მიუსაფარი ძაღლების სიმრავლემ ბოლო პერიოდში ხარაგაულელებს პრობლემები შეუქმნა. ცხოველები არა მხოლოდ დაბა ხარაგაულში, არამედ ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებშიც მომრავლდნენ.
„რამდენიმე მეზობელს შინაური ფრინველები შეუჭამეს, – ამბობს ბორითის მკვიდრი თემურ გამცემლიძე, – როგორც ჩანს, ეს ძაღლები პატრონებისათვის ზედმეტი აღმოჩნდნენ, ავტომანქანით აქამდე მოიყვანეს და დატოვეს. ერთმა მიუსაფარმა ძაღლმა ბორითის ძველი საავადმყოფოს შენობასთან ექვსი ლეკვი მოიყვანა. ძალიან გვეცოდებოდა და მეზობლები ვკვებავდით. მიუსაფარი ცხოველები რომ აღარ გამრავლდნენ, ვფიქრობ, აუცილებელია მათი კასტრაცია. ამისთვის მათი ქუთაისში ჩაყვანაა აუცილებელი. ამას რიგითი მოსახლე ვერ გააკეთებს. ქუთაისში ძაღლის კასტრაციისთვის კი არა, შვილების სანახავად ვერ ჩავსულვარ. ოჯახში მდედრი ძაღლი მყავს, აღარ მინდა ლეკვები ჰყავდეს, ამიტომ ყოველთვის ვაბამ“.
„ძაღლები სკოლის ეზოში შემოდიან და დასვენებაზე მოსწავლეებს ღვეზელსა და ლობიანს ხელიდან სტაცებენ, – ამბობს ბორითის სკოლის პედაგოგი ლევან დონაძე, – ჩვენს სკოლასთან ახლოს კვების ობიექტია, რომელთანაც გამუდმებით არიან ძაღლები, ზოგი მათგანი აგრესიული და საშიშია. მძიმე მდგომარეობაა. ხშირ შემთხვევაში ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილების მსხვერპლიც ხდებიან. არ ვიცი, ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს“.
კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გია ჩხიკვაძე ამბობს, რომ კიცხში მიუსაფარი ძაღლები, უმეტესად, სარიტუალო დარბაზთანაა და იქ მომუშავე პერსონალს აწუხებს.
დაბა ხარაგაულში უპატრონო ძაღლების სიმრავლე განსაკუთრებით თვალშისაცემი ხარაგაულის ყოფილი სასამართლოს შენობის, სარიტუალო დარბაზებისა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
„ამ ზამთარში ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე ლეკვი უპატრონოდ მიატოვეს. პატარა ლეკვები ძალიან გვეცოდებიან. რამდენიმე მამრი ლეკვი ოჯახებმა წაიყვანეს, მდედრები – არ უნდათ. მათთვის თავშესაფარიც კი ავაშენეთ, მაგრამ პატარა და სუსტები არიან და სიცივეში ხშირად იღუპებიან. ძალიან ცუდი სუტუაციაა“, – ამბობს ინდმეწარმე ირმა წასიძე.
ხარაგაულის საკრებულოს წევრის დავით კიკნაძის აზრით, მიუსაფარი ცხოველები ხარაგაულში, ბოლო ორი წელია, საგრძნობლად მომრავლდა.
„პატარა ხარაგაულში დაახლოებით 8-10 ძაღლი ერთად გადაადგილდება. ბავშვებისთვის ეს ძალიან საშიშია. არც დიდისთვისაა სასიამოვნო ამდენი უპატრონო ძაღლი. მცირეწლოვანი შვილების გარეთ გამოშვების ძალიან მეშინია, რომ უკბინოს. შეიძლება რაიმე დაავადების მატარებელი იყოს. ძაღლების სიმრავლე ღამით განსაკუთრებით შესამჩნევია”, – ამბობს დავით კიკნაძე.
უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად, 2020 წლის განმავლობაში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 500 ლარი ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრს აქვს გამოყოფილი. ცენტრის დირექტორი თემურ ფურცელაძე ამბობს, რომ ეს თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მცირეა: „მიუსაფარი ძაღლების ქუთაისის თავშესაფარში გადასაყვანად თებერვლის ბოლოს ტენდერი 8500 ლარზე უნდა გამოვაცხადოთ. ერთი ძაღლის გადაყვანის საფასური 85 ლარი იქნება. ეს თანხა მხოლოდ 100 ძაღლის მომსახურებას ეყოფა. იმედია, ტენდერი შედგება. სხვა მუნიციპალიტეტებს ტენდერში ერთი ძაღლის მომსახურებისთვის 100 ლარი აქვთ გათვალისწინებული. ძაღლები თავშესაფარში მხოლოდ დაბა ხარაგაულის ტერიტორიიდან გადაგვყავს. ამ პროცესში სოფლებიც რომ ჩავრთო, ხარჯი გაიზრდება.
საქართველოს კანონმდებლობით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება ევალებათ; ასევე მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე; სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი ბირკით და პროცედურის შესრულების შემდეგე (10-15 დღე) მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნება.
„კანონი ძაღლების ბუნებრივ არეალში დაბრუნებას ითვალისწინებს, – ამბობს თემურ ფურცელაძე, – მუნიციპალიტეტიდან წლის განმავლობაში რომ 100 ძაღლს თავშესაფარში გადავიყვანთ და შემდგომ უკან დავაბრუნებთ, ამასობაში მას ახალ-ახალი უპატრონო ძაღლები ემატება. რა უნდა ვუყო მე ამდენ ძაღლს?! დღე არ გავა, ქუჩაში ახალი მაწანწალა ძაღლი არ გამოჩნდეს. სოფლებიდან მატარებლით ან მანქანებით მოჰყავთ და ხარაგაულში ტოვებენ. არის შემთხვევები, როცა ძაღლების დასაჭერად მისულებს ადგილობრივი მოსახლე ხელს უშლის და ძაღლების აყვანის უფლებას არ აძლევს. გასულ წელს რამდენჯერმე შეცდომით ეზოს ძაღლი წაიყვანეს, პატრონის ჩარევით ისევ უკან დააბრუნეს. ქუჩაში გამოსულ ძაღლს აუცილებლად საყელო უნდა ეკეთოს, რომ უპატრონო ძაღლისაგან განირჩეოდეს.
შარშან ბორითში საავადმყოფოსთან ძალიან მომრავლდნენ ძაღლები. ჩვენს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დავუკავშირდით. ბორითიდან ძაღლების წაყვანა იუარეს. დიდი ხვეწნის შემდეგ დაგვთანხმდნენ, რომ ბორჯომიდან გზად გამოვლისას, თუ ადგილი ექნებოდათ, ბორითიდანაც წაიყვანდნენ ძაღლებს. რამდენიმე მართლაც წაიყვანეს, თუმცა ეს არასაკმარისია. ძალიან ვწუხდები, როცა ძაღლებით შეშინებული მოქალაქეები მომმართავენ, მაგრამ არაფერი შემიძლია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დიდ ქალაქებში მაინც მიუსაფარი ცხოველებისათვის თავშესაფარი მოაწყოს. ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, ესაა“.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი