დღეს, 14 თებერვალს მოსულმა ნალექმა ხარაგაულში საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.

ხარაგაულიდან ძირულას მიმართულებით გაუწმენდელი გზის გამო თბილისის მიმართულებით ორი მიკროავტობუსი დადგენილი გრაფიკის ნაცვლად, რამდენიმე საათის დაგვიანებით გავიდა. ძირულა-ხარაგაულის მშენებარე გზაზე გავლა, ფაქტობრივად, კარგ ამინდშიც შეუძლებელია, – ამბობენ მძღოლები.

ძირულა-ხარაგაულის გზის გაწმენდა გზის მშენებელ კომპანია „ბლექსი გრუპს“ ევალება. კომპანიისგან მოპოვებული ინფორმაციით, გზის გაწმენდას გრეიდერით მალე დაიწყებენ.

ამ დრომდე თოვლისგან გაუწმენდელია გზები ლეღვანის, წიფისა და მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში.

წიფის სკოლის მასწავლებელი ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ სოფელი უყურადღებოდაა მიტოვებული. ახლა წიფაში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრზე მეტია. წიფელები ითხოვენ, რომ წლების წინ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან შეძენილი გრეიდერი ახლა მაინც გაატარონ წიფის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების გზებზე.

ლეღვნისკენ მიმავალი გზის თოვლისგან გაწმენდას ითხოვს ლეღვანი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი ჯონი არევაძე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერც ლეღვნიდან ზესტაფონის მიმართულებით წავიდა.

დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, თეთრაწყაროსა და ფარცხნალის გზებს წმენდს ამჟამად შპს „ხარაგაული 2011“-ის კუთვნილი ტრაქტორები და გრეიდერი. ამ ორგანიზაციის დირექტორი ოლეგი კაციტაძე ამბობს, რომ დღეს ტრაქტორით გაწმენდენ ლეღვნისა და ვახანის გზებს. რაც შეეხება წიფას, იქ ტრაქტორისთვის ან საწვავს გააგზავნიან, ან გრეიდერს.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლიდან მხოლოდ ერთგან – კიცხის საჯარო სკოლაში შეფერხდა. კიცხში ახალი სკოლის მშენებლობის გამო, სწავლა თეთრაწყაროს სკოლაში მიმდინარეობს. სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ გუშინ გზებზე სკოლის მიკროავტობუსებს გადაადგილება გაუჭირდათ. დღეს კი თავად მოსწავლეები აღარ გამოცხადდნენ.

ენერგო-პროჯორჯიას ხარაგაულის სერვისცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია ხარაგაულის ყველა სოფელს მიეწოდება.

ხარაგაულში ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.