მესამე თვეა, ხარაგაულელი ლაშა გელაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ერთწლიანი სამუშაო ვიზით გაემგზავრა. ის ერთ-ერთ კომპანიაში საზღვარგარეთის ოპერაციების მენეჯერად მუშაობს. ჩინეთში წასვლამდე ლაშა გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწედ მუშაობდა.

-უბრალოდ მომწყინდა ჩემი ცხოვრების სტილი და ეს იყო ხარაგაულიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი, – ამბობს ლაშა გელაშვილი, – ერთ დღეს დავფიქრდი, გადავხედ-გადმოვხედე განვლილ-გასავლელ წლებს და ყველაფრის შეცვლა გადავწყვიტე. ბევრი შინაგანი წინაღობა გადავლახე. ძალიან მოვინდომე და მცირე დროში ჩინეთის დედაქალაქში სამსახური, მუშაობისა და ცხოვრების უფლება მოვიპოვე. ხარაგაულისა და ხარაგაულელების ყველას დატოვება რთული იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრებით…

რატომ ჩინეთი, როცა უფრო პოპულარულია ევროპის ქვეყნები? როცა მივხვდი, რომ რამე უნდა შემეცვალა, იმ მომენტისთვის ჩინეთში წამოსვლა საუკეთესო ვარიანტად მივიჩნიე. აქ ყველაფერი ძალიან საინტერესოა – ჩემთვის ერთი დიდი თავგადასავალია, ვირუსის ამბების ჩათვლით.

პირველი შთაბეჭდილება იყო… არა, პირველად ერთი შთაბეჭდილება არ ყოფილა, ყველაფერი ერთიანად ვიგრძენი… პეკინში ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ უამრავი მცდარი წარმოდგენა მქონდა ამ ქვეყანასა და ხალხზე. ვხედავ ჩინელი ხალხის პატრიოტიზმს ყოველდღიურ წვრილმანებში – ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. თვალშისაცემია ქუჩების სისუფთავე და განვითარებული ინფრასტრუქტურა. მეტრო აქ ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია. ჩინეთში რეფორმები გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. ბიზნესი და საბანკო სექტორი კარგად განვითარებულია. კიდევ ერთი შთაბეჭდილება – დრო ძალიან ჩქარა გადის, თუ რიტმს არ აჰყევი, ვერაფერს მოასწრებ.

კორონა ვირუსის გამოჩენისას ამხელა ქვეყანა, მისი ინსტიტუტები, მილიარდ ნახევრიანი მოსახლეობის ყოველდღიური საქმიანობა უცებ შეჩერდა და რამდენიმე საათში ერთ დიდ გიგანტურ მანქანად გადაიქცა. გაოცებული ვარ, როგორ მოახერხა მთავრობამ ასეთი მობილიზაცია, მთელი ერი უცებ გაერთიანდა და ერთობლივად მოქმედება დაიწყო. გავრცელდა რეკომენდაციები ვირუსის პრევენციის შესახებ, რასაც ყველა ზედმიწევნით იცავს.

ეპიცენტრში გაგზავნილი ექიმების ყოველ ჯგუფს აქაურ სოციალურ ქსელებში მილიონობით ადამიანი აცილებს, ერთმანეთს ამხნევებენ და ეს ყველას დიდ სტიმულს აძლევს.

დედაქალაქს განსაკუთრებულად იცავენ. ყველა ბინა აღწერეს. უბნებისა და სამეზობლოების შესასვლელებში დაცვა და მედპერსონალი დგას. ყველა შემსვლელ-გამსვლელს ამოწმებენ. დაცვა მარკეტებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელებსაც აკონტროლებს – ტემპერატურას გვიმოწმებს და ხელებისთვის სადეზინფექციო საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, თითქმის სტერილურად შედიხარ ხალხმრავალ ადგილებში.

ჩინეთისა და საქართველოს ოჯახური და ადამიანური ურთიერთობები ერთნაირია; მაგალითად, ურთიერთობები უფროს თაობასთან, ოჯახური ტრადიციები და სხვ.
აქ ყოფნის პერიოდში არ შემინიშნავს კრიმინალის რაიმე სახით გამოვლინება. ზოგადად, აგრესია არ მიგვრძნია არც გარეთ და არც აქაურ სოციალურ ქსელში. ჩინეთში უცხოელებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან.

საცხოვრებლის ფასები პეკინში ძალიან მაღალია. თუმცა მე გამიმართლა – კონტრაქტი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ჩვენთვის ეგზოტიკური პროდუქტები აქ იაფია.

ჩინური ენის შესწავლა დავიწყე. სასაუბრო ენა არც ისეთი რთულია, თუმცა დამწერლობის სწავლაზე არც ვოცნებობ.

სამი თვეც არაა გასული და უკვე ბევრ კარგ შესაძლებლობას ვხედავ. წინასწარ რამის განსაზღვრა რთულია. თუმცა კარგი იქნება, აქ ერთ წელზე მეტი ხნით თუ გავჩერდები. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა ჩინური ენის შესწავლაა, რომელიც აქაც და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც, გამომადგება.

ფოტოზე: ლაშა გელაშვილი ჩინეთში თანამშრომლებთან ერთად