„გადავარჩინოთ სიცოცხლე!“ – ბევრი ასეთი აქცია ტარდება ახლა შეჭირვებულ საქართველოში. რამდენიმე აქციაში ხარაგაულის რაიონის პედაგოგებმა განსაკუთრებით იაქტიურეს იმიტომ, რომ დასაკარგავად არავინ გვემეტება, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის პედაგოგი ნინო გურეშიძე, – მე გახლავართ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი, რომლის ღირსეული წარმომადგენელია ნინო აბულაძე, თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის #43 სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, – გამორჩეული ლიდერი მასწავლებელი რესპუბლიკაში, ბავშვებისათვის საყვარელი, კოლეგებისათვის დამხმარე და გზის მიმცემი, ნიჭიერი, მიზანსწრაფული, საოცრად პოზიტიური ადამიანი. ნინო ონკოავადმყოფია და ჩვენი დახმარება სჭირდება.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და სკოლების დირექტორებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ მის დასახმარებლად, ხარაგაულის საგანმანათლებლო სივრცის გააქტიურებაში. ზოგმა მათგანმა ნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვით,ზოგმაც ერთი ლარის აქციით და კეთილი გულით შევძელით 600 ლარის შეგროვება და ჩარიცხვა ნინოს ანგარიშზე.

უნდა აღინიშნოს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის აქტიურობა. მათ ჩვენზე ადრე მოახერხეს თანხის ჩარიცხვა.მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბაზალეთისა და ვარძიის, ლაშეს, წყალაფორეთის, ნადაბურის, ბორითის, ხუნევის, ხიდრის, კიცხის, მოლითის, მარელისის, უბისის, ღორეშის, ბორის, ვაშლევის, ვეტყვიჭალის, საღანძილისა და სარგვეშის სკოლებს.

სიკეთე მზის შუქსა ჰგავს, ანათებს და ათბობს… ღმერთმა ნათელი დღეები არ დაგილიოთ“.