ხარაგაულის სპორტულ დარბაზში თანამედროვე სპორტული აღჭურვილობის ფიტნესდარბაზი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. თუმცა ამ დარბაზით ხარაგაულელები ნაკლებად ინტერესდებიან.

„თვეში დაახლოებით 7-8 ადამიანი ვარჯიშობს, რაც ძალიან ცოტაა, – ამბობს ფიტნესინსტრუქტორი გოჩა გელაშვილი, – ფიტნესდარბაზში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 30 ლარიანი აბონემენტით თვეში 16-ჯერ ივარჯიშოს. ჩვენთან ვარჯიშით დაინტერესებულ დასაქმებულ ადამიანებს მათთვის მოსახერხებელ დროს ვურჩევთ. ფიტნესდარბზში ვარჯიში სამუშაო საათების შემდეგაც შესაძლებელია. ყველას თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მისთვის მისაღებ სავარჯიშოს ვურჩევ. გარკვეული დროის შემდეგ დატვირთვასა და ვარჯიშის ხანგრძლივობას ვზრდით. ქალები, ძირითადად, სარბენი ბილიკითა და ველოსიპედით ინტერესდებიან. მამაკაცები კუნთების განმავითარებელ სავარჯიშო მოწყობილობებს უფრო ირჩევენ. ფიტნესდარბაზში ვარჯიში ძალიან კარგია ჯანმრთელობისათვის, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ორგანოების მუშაობისათვის, წონის კორექციის, მოქნილი და ლამაზი სხეულის ფორმირებისთვის“.

რატომ არ სარგებლობენ ფიტნესდარბაზის მომსახურებით, – ამ შეკითხვით რამდენიმე ხარაგაულელს მივმართეთ:

ნინო ყიფშიძე: -ყველამ ვიცით, რომ ექიმთან ყოველ ექვს თვეში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით უნდა მივიდეთ. ასევე ვიცით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ და ვივარჯიშოთ, თუმცა ამას ვერ ვახერხებთ. ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, რატომაა ჩვენი ორგანიზმისთვის ვარჯიში სასარგებლო. თუ ადამიანი მოინდომებს, დროისა და მინიმალური ფინანსური რესურსის გამონახვა არ გაუჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს, არ ვინდომებთ. ვიცი, რომ ხარაგაულის ფიტნესდარბაზით რამდენიმე ჩემი ნაცნობი სარგებლობს და მომსახურებითაც ძალიან კმაყოფილია, თუმცა მე თვითონ არ დავინტერესებულვარ“.

ნანა გიორგაძე: -რამდენიმე ხნის წინ ფიტნესდარბაზი დავათვალიერე და მსურდა, მევარჯიშა. თუმცა უდროობის გამო ვარჯიშის დაწყება ვერ შევძელი. ძალიან კარგი პირობები  შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩემი გრაფიკის გამო ვერ მოვახერხე.

გივი კურტანიძე: -ფიტნესდარბაზით  არასოდეს დავინტერესებულვარ. როცა დრო მაქვს, სახლში აზიდვებს ვაკეთებ ან ჰანტელებით ვვარჯიშობ. ჩემი აზრით, ფიტნესდარბაზით ხარაგაულელების ნაკლები დაინტერესება დროის ნაკლებობის ბრალია. მთელი დღე სამსახურში რომ იღლები, ცოტა რთულია, სავარჯიშოდ დრო გამონახო“.

დავით ჩადუნელი: -ძალიან არასპორტული ადამიანი ვარ. სპორტულ აქტივობებში ჩემი ჩაბმა რთულია. ვიცი, რომ ხარაგაულში კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების ფიტნესდარბაზია, ფასიც მისაღებია, მაგრამ არასოდეს მისარგებლია, რადგან ვარჯიშის სურვილი ნაკლებად მაქვს“.

გიგა ხიჯაკაძე: -ფიტნესდარბაზში რამდენიმეჯერ ვიყავი. თუმცა, ამჟამად კალათბურთის სექციაში ვვარჯიშობ. ჩემი აზრით, ხარაგაულის ფიტნესდარბაზში ბევრი რამ დასახვეწია. პირველ რიგში, აუცილებელია ფიტნესინსტრუქტორი. ბატონი გოჩა შეიძლება ფეხბურთის კარგი სპეციალისტია და მოზარდებს კარგად ასწავლის, მაგრამ, ჩემი აზრით, ფიტნესინსტრუქტორს დიდი გამოცდილება და სპეციალური განათლება სჭირდება“.

თამთა გოგოლაძე