ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის გავრცელება საქართველოში და რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, – ამ თემაზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში 2020 წელს მოსალოდნელ სიახლეებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

– საქართველო, კორონავირუსთან მიმართებაში, დაბალი რისკის მქონე ქვეყნაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რეალური საფრთხე არ არსებობს, ჩვენს ქვეყანაში შემოსული ყველა მოქალაქე კონტროლდება არაკონტაქტური, თერმული თერმომეტრებით და საჭიროების შემთხვევაში – ეპიდემიოლოგიური კვლევით, მათზე შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით. საქართველოში, ჯერჯერობით, კორონავირუსის სიმპტომები არ დაფიქსირებულა. თუმცა ზედამხედველობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წესებით, გრძელდება.

მოქალაქეებს, თუკი ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი, ვურჩევ, რომ გადადონ და ზოგადად, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. მათ კი, ვინც იანვარში იმოგზაურა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ტემპერატურა პერიოდულად აუცილებლად უნდა იკონტროლონ. თუკი რაიმე ცვლილებას შეამჩნევენ, საავადმყოფოს მიმართონ. სხვა მხრივ კი მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ. აქტიურად უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს მოერიდონ. ოთახები ხშირად გაანიავონ და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზებსა და ახალ რკინიგზას ჩინური კომპანიები აშენებენ. რამდენიმე დღის წინ ბორითში საავტომობილო გზის მშენებლობის კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდით. ჩინეთიდან 2020 წლის 20 იანვრის შემდეგ ჩამოსული ყველა მოქალაქე კონტროლდება. ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, ამ კომპანიამ ამჟამად ჩინეთში მყოფი თანამშრომლების ხარაგაულში დაბრუნება შეზღუდა. მათ ადგილზე ჰყავთ ექიმი, რომელიც ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდება. ახალი რკინიგზის მშენებელი ორგანიზაციის მთავარი ოფისი ხაშურის მუნიციპალიტეტშია. ამიტომ, ამ მიმართულებით, რკინიგზის მშენებლებზე ზედამხედველობას ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განახორციელებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში დაგეგმილ სიახლეებს, 2020 წლიდან მაქსიმალური ყურადღება C ჰეპატიტს დაეთმობა.

2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 5,4%, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი, C ჰეპატიტითაა დაავადებული. საქართველოში, ამ დაავადების სრულად აღმოსაფხვრელად, 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტისთვის დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები უფასოა. ასევე უფასოდ მიეწოდებათ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. ამ პროგრამით 65 ათასი პაციენტი უკვე სრულად განიკურნა.

შარშან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებისა და ოჯახის ექიმების ერთობლივი ჩართულობით, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებების ფინანსური მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტზე, შიდსსა და ტუბერკულოზზე იმერეთის მოსახლეობის დაახლოებით 97% გამოვიკვლიეთ.

C ჰეპატიტი უსიმპტომო დაავადებაა. ამის გამო მას „ალერსიან მკვლელსაც“ უწოდებენ. არის შემთხვევები, როცა დაავადებული ადამიანები მკურნალობაში არ ერთვებიან. სწორედ ამისათვის 2020 წლიდან დაიწყება ეპიდმიდევნების პროგრამა, რომელშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან. ისინი ყველა ასეთ პირს დაუკავშირდებიან და მათთან დამარწმუნებელი კომუნიკაციით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას შეეცდებიან. 2023-2024 წლებისთვის საქართველოში C ჰეპატიტის სრული აღმოფხვრა უნდა შევძლოთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქსტატის ერთობლივი ჩართულობით გასულ წელს საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლევა ჩაუტარდათ. კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში დაფიქსირდა. გასული წლის ბოლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგების გადამზადება დავიწყეთ. 2020 წელს იგეგმება სისხლში მაღალი ტყვიის შემცველობის მქონე ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შემოწმება. დადგინდება, საიდან ხდება სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება და წყაროს სრულად განადგურებას შევეცდებით. გასათვალისწინებელია, რა დოზითაა სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული; თუ 5-10 მკგ/დლ-ია, ამ შემთხვევაში სამედიცინო თვალსაზრისით აქტიური ჩარევა საჭირო არ არის; საკმარისია ეპიდემიოლოგიური შეფასება და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიცემა; მაგრამ თუ სისხლში ტყვიის შემცველობა 30 მკგ/დლ-ს აღემატება, ამ შემთხვევაში ვიტამინოთერაპია და რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა აუცილებელია.

2019 წლის დასაწყისში, საქართველოში რომ წითელას ეპიდაფეთქება დაფიქსირდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა არაგეგმიური იმუნიზაციით 20-დან 40 წლამდე ასაკის აუცრელი ადამიანები აცრეს. იმუნიზაცია წელსაც გაგრძელდება. ჩვენი მიზანი წითელას დაავადების სრული აღმოფხვრაა. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმუნიზაციის გაძლიერებითაა შესაძლებელი.

2019 და 2020 წლების დასაწყისში საკმაოდ გააქტიურდა გრიპის ვირუსი. თუმცა ეპიდემიასთან მიახლოებული მდგომარეობაც კი არ ყოფილა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად დავიწყეთ. 2018-2019 წლებში დაახლოებით 50 ათასამდე ვაქცინა გამოვიყენეთ. 2019-2020 წლების სეზონზე იმერეთის მოსახლეობისთვის 100 ათასამდე დოზა ვაქცინა შევიძინეთ. 97 ათასი ვაქცინა უკვე გახარჯულია. დარჩენილ ვაქცინებს ორსული ქალების ასაცრელად გამოვიყენებთ, რადგან ორსულები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან. ზოგადად, გრიპის სეზონი წლის მეორმოცე კვირიდან იწყება და მომავალი წლის მეოცე კვირამდე გრძელდება.

2019 წელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების უშუალო ჩართულობით, გრიპზე სრულიად უფასოდ აიცრნენ მედპერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები. გრიპის ვაქცინაცია 2020 წელს ოქტომბრიდან კვლავ განახლდება.

გასულ წელს დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც პაპილომა ვირუსზე 9, 10 და 11 წლის გოგონების იმუნიზაციას ითვალისწინებს. იმუნიზაციაში ასაცრელი კონტინგენტის დაახლოებით 50-54% ჩაერთო, რაც არასაკმარისია. სოციალური ქსელებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მცდარი ინფორმაციები, რომელიც საზოგადოებაში იმუნიზაციაზე უარყოფითი აზრის ფორმირებას უწყობს ხელს.

დღეს საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ქალებში გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებათა შორის. პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ერთადერთი მთავარი საშუალებაა, რომლითაც სამომავლოდ ჩვენი გოგონების ამ დაავადებისგან დაცვას შევძლებთ.

ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში გვყავს გადამზადებული სპეციალისტი, რომელიც ვალდებულია, პერიოდულად გააკონტროლოს დაწესებულებები, თუ რამდენად სრულდება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნები. მოკვლეული ინფორმაცია კი თამბაქოს კონტროლის ალიანსს მიაწოდოს. იანვრიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებაა, – სტადიონებზე, რომელსაც დირექცია ჰყავს, თამბაქოს მოხმარება იკრძალება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის უმნიშვნელოვანესია, თვალყური ვადევნოთ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რა მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და დროულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები; ისევე, როგორ ეს კორონავირუსის შემთხვევაში მოხდა.

ერთ-ერთი მთავარი, რეალური პრობლემა, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში, მუნიციპალურ დონეებზე, ახალგაზრდა კადრების სიმცირეა. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდა სპეციალისტები. არ არის აუცილებელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ბევრი ადამიანი მუშაობდეს. მთავარია, გვყავდეს პროფესიონალები, რომელთა გადამზადებაზეც მუდმივად ვზრუნავთ.

თამთა გოგოლაძე