ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახლადდაგებული გზები დაზიანებულია, ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდაა შესრულებული, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მომზადებულ ანგარიშში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერც შესყიდვის პროცესში უზრუნველყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხიანად და უხარვეზოდ შესრულებულიყო და ვერც ხარვეზების გამოსასწორებლად სათანადოდ რეაგირება შეძლო.
სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებულმა მართვის სისუსტეებმა კი საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა გამოიწვია.
სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის 9-11 ივლისს დაათვალიერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
გამოვლინდა, რომ 23 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი 5 208 300 ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანებულია და ხარვეზები აღენიშნება, მაგალითად:
გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 21 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაზიანებულია და ხარვეზები აღენიშნება 4 554 400 ლარის ღირებულების საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კერძოდ, მოწყობილი გზის საფარი დაბზარულია, შეინიშნება გრძივი და განივი ბზარები, ზედაპირი უსწორმასწორო და ტალღოვანია, გზა გარკვეულ მონაკვეთებზე დამტვრეულია და სხვ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე. ამასთანავე, ბეტონის გზების შემთხვევაში, ტარდებოდა ბეტონის ლაბორატორიული კვლევა ბეტონის ხარისხის დასადასტურებლად. სამუშაოების მიღების პროცესში ჩართულია აგრეთვე მერიაში შექმნილი კონტროლის ჯგუფი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან დათვალიერებისას მაინც გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები. არსებულმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების თავიდან აცილება.
შესრულებულ ობიექტებს გააჩნიათ საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაში დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა, ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით, მშენებელს უნდა მიმართოს.
მერიის შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან, შესრულებულ ობიექტებზე რეგულარულად ჩაატარონ მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზები გამოიკვლიონ. თუ დაზიანება გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, მერიამ მშენებელს უნდა გამოასწორებინოს დაზიანებები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მერიას ხარვეზების ზუსტი მიზეზები დადგენილი არ ჰქონდა. მხოლოდ 8 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილ ობიექტებთან დაკავშირებით მიმართა მერიამ მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად. თუმცა ხარვეზები აღმოფხვრილი არ არის ან/და წარმოქმნილია ახალი ბზარები, რაც ასევე მიუთითებს სამუშაოთა უხარისხობაზე. 15 შემთხვევაში საგარანტიო ვადის განმავლობაში მერიამ მშენებელს არ მიმართა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით.
ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში მოწყობილი ბეტონის გზა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი