ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 5 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ჩართული ხარაგაულში მოქმედი 15 სკოლის ეკოკლუბების წევრები მონაწილეობდნენ. ხარაგაულის #2, #3, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, ბაზალეთის, ლაშის, ბორითის, ვაშლევის, ხუნევის, კიცხის, ვარძიის, ხიდრის, საღანძილის, მარელისის, ბორისა და ლეღვანის სკოლების ეკოკლუბების ლიდერებმა კონფერენციაზე ისაუბრეს ჭარბტენიან ტერიტორიებზე, ჭაობებზე, ეკოსისტემებზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის როლზე ბუნებრივი მემკვიდრეობის მოვლასა და დაცვაში. ასევე წარმოადგინეს ხელნაკეთი ჭაობის მაკეტები და ნახატები.

ღონისძიებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის (CENN) რეგიონალური კოორდინატორი იმერეთში მაია კეზევაძე დაესწრო. მან კონკურსის შარშანდელი ნახევარფინალისტების – ბაზალეთის, ბორითის, ხარაგაულის #2, ბორის, კიცხის, ლეღვანის, საღანძილისა და მარელისის სკოლების ეკოკლუბების ლიდერ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ხარაგაულში ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის კურატორი თეა ტალახაძე ამბობს, რომ „მსგავსი ერთობლივი კონფერენციები ხელს შეუწყობს სკოლების დამეგობრებას, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსისთვის ქულების დაგროვებას და საინფორმაციო ღონისძიებების შემდგომ დაგეგმვას. ამ კონკურსში გამარჯვება მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა“.

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.

თამთა გოგოლაძე