ხარაგაულში 26 იანვარს, ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

აქცია-კონცერტის ფარგლებში გაღებულმა შემოწირულობამ 21 450 ლარი, 400 დოლარი და 100 ევრო შეადგინა.

ღონისძიებას მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე და ხელოვნების დარგში მიმართულების ხელმძღვანელი ბათუ კიკნაძე უძღვებოდნენ. მათ, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ტაძრის მშენებლობის ათწლიანი ისტორია გაიხსენეს და ტაძრის მშენებლობის ფონდის აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის, ცეზარ ბუბულაშვილის, ხსოვნას პატივი მიაგეს.

ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა. ტაძრის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ცეზარ ბუბულაშვილმა ათწლიანი დაუღალავი, თავდადებული შრომით, ტაძრის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი სამუშაოების დასრულება შეძლო, – ტაძარი გუმბათში მოექცა, გარე ფასადი მოპირკეთდა, გუმბათზე ჯვარი აღიმართა და ტაძრის პირველი სართულის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასრულდა.

სამწუხაროდ, ბატონ ცეზარს საქმის ბოლომდე დასრულება არ დასცალდა…

ტაძრის მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე დარჩენილია მეორე სართულის ინტერიერის მოპირკეთება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

2019 წლის 8 ოქტომბრიდან ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდს მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ხელმძღვანელობს, ტაძრის სამშენებლო საკითხებს – ირაკლი ებანოიძე, ხოლო ფონდის ფინანსურ საკითხებს – ბერიკა დუშუაშვილი.

„ბიჯი ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ირაკლი გოგოხიამ და დავით კომახიძემ ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის ეზოსა და გალავნის პროექტი უსასყიდლოდ მოამზადეს. ეს პროექტი ვიდეოკოლაჟის სახით საქველმოქმედო ღონისძიებაზე წარმოგვიდგინეს.

ხარაგაულის ტაძრის მშენებლობის საქველმოქმედო აქცია-კონცერტში მონაწილეობდნენ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ხარაგაულის ხმები“, ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ხარაგაულის სალოტბარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“, ლიტერატურული თეატრი, სამუსიკო სკოლისა და მოსწავლეთა სახლის მოსწავლეები და პედაგოგები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

საქველმოქმედო კონცერტი ხარაგაულელმა საოპერო მომღერალმა მამუკა ლომიძემ დააგვირგვინა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე), რომლის ლოცვა-კურთხევითაც ეს ღონისძიება გაიმართა, ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებს სამადლობელი სიგელები გადასცა.

ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი მადლობას უხდის ყველა შემომწირველს და ღონისძიების მხარდამჭერებს.

ახლად შექმნილ ფონდს და სამუშაო გუნდს ხარაგაულელებისა და არა მარტო მათი მარდაჭერის იმედი აქვს, რათა სათანადოდ დავასრულოთ ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის საშვილიშვილო საქმე.

შეგახსენებთ ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის საბანკო ანგარიშებს:

თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: 
GE48TB7626636080100007 ლარი
GE33TB7626636180100002 USD
GE33TB7626636180100002 EUR

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი:
GE02BG0000000162433385 ლარი
GE02BG0000000162433385 USD
GE02BG0000000162433385 EUR

ლიბერთი ბანკი
ანგარიშის ნომერი: 
GE18LB0115168146434000 ლარი
GE61LB0115168146434002 USD
GE61LB0115168146434002 EUR

 

ხარაგაულის საკათედრო ტაძრის ფოტოები