საერთაშორისო პროექტში „სინათლე დედამიწისთვის“ აქტიურობისთვის ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა ENO-ს საერთაშორისო სერთიფიკატით დაჯილდოვდა. ეს დაჯილდოება უკავშირდება 29 ნოემბერს გამართულ აქციას, რომლის დროსაც #2 სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ხელნაკეთი ფრანები აანთეს და სამყაროს, დღეგრძელობისა და კეთილდღეობისათვის, კეთილი სურვილები გაუგზავნეს. ENO სკოლებისა და კომუნიკაციების გლობალური ქსელია, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული. ENO-ს წევრი სკოლები გარემოსდაცვით თემებზე მუშაობენ, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქტივობებს ახორციელებენ.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, 41 ათასი ქულით, ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ შუალედური შედეგების მიხედვით.

„პროექტი „სინათლე დედამიწისთვის“ მდგრადი განვითარების იმ 17 მიზნიდან ერთ-ერთია, რომელსაც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია აერთიანებს. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ  120 აქტივობა განათლების, ეკოლოგიის, გამწვანების, გარემოსდაცვითი და სხვა მიმართულებით, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის ეკო კლუბის ხელმძღვანელი მადონა ულუმბელაშვილი, -ეკოკლუბის თითოეული წევრი ძალიან მოტივირებული და მონდომებულია. ამ პროექტში შარშან ჩავერთეთ და ფინალში გავედით. წელს მეტად გავაქტიურდით, შუალედურმა შედეგებმა ძალიან გაგვახარა. ზამთრის არდადეგებზე თითქმის არ დაგვისვენია, პროექტებს აქტიურად ვგეგმავთ და იმედი მაქვს, ფინალში საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ“.

#2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები არიან: გრიგოლ ხიჯაკაძე, არმაზ შავიძე, ვახტანგ მაღრაძე, ნია ფოფხაძე, ნინო კურტანიძე, თეკლა ებანოიძე, მარიამ ბერაძე. ხარაგაულში ამ პროექტის კურატორია თეა ტალახაძე.

კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი სკოლა მონაწილეობს. მასში ხარაგაულიდან 15 სკოლაა ჩართული. კონკურსის ფინალი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გაიმართება.

თამთა გოგოლაძე