ხარაგაულში, ისევე როგორც იმერეთის მხარის სამ მუნიციპალიტეტში – სამტრედიაში, ტყიბულსა და თერჯოლაში ცხოველთა სასაკლაოები არ ფუნქციონირებს, ამიტომ ხორცპროდუქტების შეძენა პრობლემაა.

ხარაგაულში წლების განმავლობაში ხორცის რეალიზატორი ალეკო ნიქაცაძე ამბობს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს, რადგან სოფლები დაიცალა, პირუტყვი ძალიან ცოტა ოჯახს ჰყავს, რამაც მისი გაძვირებაც გამოიწვია. ამას ზესტაფონში ტრანსპორტირებისა და სასაკლაოს მომსახურების ხარჯების ზრდაც ემატება. გაძვირებულ ხორცს ხარაგაულელები ვეღარ ყიდულობენ. ამიტომ ამ საქმიანობის გაგრძელება აღარ მიღირს.

შარშან ხარაგაულში ცხოველთა სასაკლაოს მშენებლობა პავლე ალავიძემ დაიწყო. თუმცა შენობა დღემდე უფუნქციოდაა. „სასაკლაოს აშენება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩავერთე, თუმცა ჩემი პროექტი არ დააფინანსეს. ცხოველთა სასაკლაოს ამოქმედებას მეგობართან ერთად ვცდილობდი. ჩემი მეგობარი ხორცის რეალიზებაში დამეხმარებოდა. სამწუხაროდ, მეგობარი გარდამეცვალა, მის გარეშე კი ამ ყველაფრის გაკეთება ვერ შევძელი. ამიტომ იძულებული ვარ, შენობა გადავაკეთო და სხვა საქმიანობა წამოვიწყო“, – ამბობს პავლე ალავიძე.

ინდმეწარმე მარინა ციცქიშვილმა გასულ ზამთარში საკუთარი მაღაზიის ფართის ნაწილი ხორცის ზესტაფონელ რეალიზატორს მიაქირავა. თუმცა ხარაგაულში საქმიანობის გაგრძელება ვერც მან შეძლო. „მოგეხსენებათ, ხარაგაულში პირუტყვის სასაკლაო არ გვაქვს. ხორცის ზესტაფონელი რეალიზატორი პირუტყვს ხარაგაულში იძენდა და ზესტაფონის სასაკლაოზე მიჰყავდა, – იხსენებს მარინა ციცქიშვილი, – სასაკლაოზე მომსახურების თანხას ხარაგაულიდან პირუტყვისა და შემდგომ – ზესტაფონიდან ხორცის ტრანსპორტირების ხარჯები ემატებოდა, რაც ხორცის გასაყიდ ფასზე აისახებოდა. მყიდველიც არ იყო. ამიტომ ზესტაფონელმა რეალიზატორმა ხარაგაულში საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლო“.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი და რა ვალდებულებები აკისრია ხორცის რეალიზატორს, – ამ შეკითხვებით სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსს ფიქრია ჭლიკაძეს მივმართეთ:

„ხორცის რეალიზატორი, საქმიანობის პროფილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა იყოს დარეგისტრირებული. ხორცის სარეალიზაციო ობიექტი ჰიგიენის ზოგად წესებს უნდა აკმაყოფილებდეს.

სარეალიზაცოდ გამოტანილი ხორცი სასაკლაოზე უნდა იყოს შეძენილი ან შეიძლება, ცხოველი სასაკლაოზე რეალიზატორმა თვითონ მიიყვანოს. სასაკლაოზე პირუტყვი მოწმდება დაკვლამდეც და ტანხორცს ექსპერტიზა დაკვლის შემდეგაც უტარდება.

ხორცის ტრანსპორტირება სასაკლაოდან შესაბამისი მაცივარმანქანით უნდა მოხდეს. სასაკლაოდან  ტანხორცს მოყვება შესაბამისი ეტიკეტი, რომელშიც მითითებულია, თუ სად დაიკლა პირუტყვი, როგორია მისი წარმოშობა, აღიარების ნომერი, ფორმა #2, შენახვის ტემპერატურა და დაკვლის დრო. ახალი ხორცის შენახვის ვადა დაკვლიდან 48 საათია.

თუ რეალიზატორმა ტანხორცი ნაჭრებად დაჭრა და ისე განათავსა დახლმაცივარში, მასთან ერთად უნდა განთავსდეს ამ ხორცისათვის გაცემული ეტიკეტი. შეიძლება მაცივარში იყოს ერთზე მეტი საქონლის ხორცი, ყველას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ეტიკეტი. დახლმაცივარში ტემპერატურა 2-6C0-მდე უნდა იყოს დაცული.

პირუტყვის სასაკლაო იმერეთის რეგიონში მხოლოდ ტყიბულში, სამტრედიაში, თერჯოლასა და ხარაგაულში არ არის. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასაკლაოები ფუნქციონირებს.

რეგულაციებია ასევე ქათმის ხორცის რეალიზაციასთან დაკავშირებით. იმერეთის რეგიონში ფრინველის სასაკლაოები არ გვქონდა და შესაბამისად, დღემდე ვერ ვითხოვდით ეტიკეტს. ახლა უკვე ამოქმედდა ეს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ფრინველის ტანხორცზეც უნდა იყოს ეტიკეტირება და ისიც ფრინველთა სასაკლაოზე უნდა დაიკლას.

ფრინველის სასაკლაოები უკვე ამოქმედდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, ქვედა სიმონეთსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში. ცოტა რთულია საჯარიმო სანქციები, როცა რეგიონში მხოლოდ სამი სასაკლაოა.

თუ ფერმებიდან ფრინველებს ცოცხლად ყიდიან, მაშინ, რა თქმა უნდა, ეტიკეტირება საჭირო არ არის, მაგრამ თუ ადგილზე კლავენ და ისე ეწევიან რეალიზებას, მაშინ – აუცილებელია. ფრინველთა სასაკლაოები, ძირითადად, მსხვილმა მეფრინველეობის ფერმებმა აამოქმედეს“, – ამბობს ფიქრია ჭლიკაძე.

თამთა გოგოლაძე