დამსახურებულ ფარმაცევტ ზურაბ გოლუბიანს გასული წლის ბოლოს „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა.

მაღალი დონის პროფესიონალი, ყურადღებიანი, უღალატო, პასუხისმგებლიანი და ჰუმანური – ასე ახასიათებენ მას კოლეგები. ზურაბ გოლუბიანი 1966 წლიდან 1996 წლამდე ხარაგაულის რაიონული აფთიაქის მმართველად მუშაობდა, 1996 წლიდან 2010 წლამდე კი  შპს „ფარმაციას“ ხელმძღვანელობდა.

ზურაბ გოლუბიანი 1941 წლის 8 ნოემბერს ხარაგაულში, სოფელ ამაშუკეთში დაიბადა. 1958 წელს ბორითის საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ კი ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1964 წელს წარჩინებით დაამთავრა.

ზურაბ გოლუბიანმა მუშაობა სანატორიუმ „ლიკანის“ აფთიაქის გამგედ დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი ხარაგაულის რაიონის ცენტრალური აფთიაქის მმართველად გადმოიყვანეს.

„ხარაგაულის რაიონულ აფთიაქში მუშაობა 1983 წელს დავიწყე, – იხსენებს ფარმაცევტი მელანო ბლიაძე, – მაშინ ხარაგაულის რაიონული აფთიაქის შემადგენლობაში შვიდი სოფლის აფთიაქი და მეორე ჯგუფის 14 სააფთიაქო პუნქტი შედიოდა. ბატონი ზურაბი თითოეული თანამშრომლის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. თათბირზე თუ რამე შენიშვნას გვეტყოდა, ბოლოს კაბინეტიდან მაინც კარგ ხასიათზე გამოგვიშვებდა – არ შეიძლება აფთიაქში შემოსულ ადამიანს ცუდ განწყობაზე დახვდეთო. მთელი კოლექტივი შეხმატკბილებულად ვმუშაობდით და ეს მისი დამსახურება გახლდათ. „ჩემი გოგოები“ – ასე მამაშვილურად მოგვმართვადა მასზე უმცროსი ასაკის თანამშრომლებს. ყველაზე მთავარი და ღირებული კი ხალხის სიყვარულია, რომელიც მან ხარაგაულში საქმიანობის 44 წლის განმავლობაში დაიმსახურა. ბატონი ზურაბის მიმართ დღემდე პატივისცემას გამოხატავენ. ზოგჯერ, შესაძლოა, წამალიც არ იყიდონ, მაგრამ მოვლენ და ჰყვებიან, როგორ დაეხმარა „ზურაბ შალვოვიჩი“, როცა ოჯახში მძიმე ავადმყოფი ჰყავდათ, როგორ აშოვნინა დეფიციტური წამლები, როგორ ინტერესდებოდა შემდგომში ავადმყოფის მდგომარეობით“.

ოცი წლის იყო ლია მაღლაფერიძე, ხარაგაულის რაიონულ აფთიაქში მუშაობა რომ დაიწყო, – „ბატონმა ზურაბმა ძალიან თბილად, მამაშვილურად მიმიღო, – იხსენებს ლია მაღლაფერიძე, – მისი საუკეთესო თვისებებიდან გულისხმიერებას გამოვარჩევდი. ბევრჯერ შუაღამისას მისულა აფთიაქში და გაჭირვებული ავადმყოფის პატრონისთვის წამალი გაუტანებია. ზურაბ გოლუბიანი სამაგალითო ხელმძღვანელი იყო და საუკეთესო პიროვნებაა“.

„აბა, როგორ ხართ ოჯახებში, ხომ არაფერი გიჭირთ, როგორ ხასიათზე ხართ, ჯანმრთელობას ხომ არ უჩივით, – ასე იწყებდა ყოველ დილას ზურაბი – იხსენებს ფარმაცევტი როზა ლაბაძე, – ყველა თანამშრომლის მიმართ ყურადღებასა და თანადგომას იჩენდა. შენიშვნას ისე მოგცემდა, არ გეწყინებოდა. წამლის შესაძენად მოსულ ადამიანს ანუგეშებდა. თუ წამალი ადგილზე არ აღმოჩნდებოდა, დაამშვიდებდა და სასწრაფოდ იწყებდა ზრუნვას, რომ ავადმყოფი არ დაეღალატებინა“.

„იშვიათად მინახავს ისეთი მშვიდი ადამიანი, როგორც ზურაბია, – ამბობს ზურაბ გოლუბიანის მეუღლე იზო ბარბაქაძე, – ერთხელ თბილისში ჩასატანი საბუთები ამაშუკეთში დამრჩა და ხაშურში, როცა ზურაბმა დიპლომატი მოიკითხა, მაშინ გამახსენდა. მანქანა უხმოდ მოატრიალა. თბილისში რომ ჩავედით, მერე ვკითხე, რატომ არ გაბრაზდი-მეთქი. რატომ უნდა გავბრაზებულიყავი ისეთ რამეზე, რასაც მოვაგვარებდი, – ან შენ რატომ უნდა დამეყენებინე ცუდ ხასიათზე ან მე რატომ უნდა მენერვიულაო.

ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან, ფაქტობრივად, ვეღარ გამოდის. 2010 წლიდან შპს „ფარმაციას“ მე ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, ის ბევრად უკეთ შეძლებდა ამ ორგანიზაციის მართვას“.

მაღალკვალიფიციური ფარმაცევტის, ზურაბ გოლუბიანის შესახებ არაერთი საგაზეთო სტატია გამოქვეყნებულა რაიონულ თუ რესპუბლიკურ გაზეთებში. 1982 წლის სექტემბერში ზურაბ გოლუბიანმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან მარიამ ნაცვლიშვილის წერილი მიიღო. საწოლს მიჯაჭვული ქალბატონი გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ ფურცლებზე ზურაბ გოლუბიანის შესახებ გამოქვეყნებულ წერილს გაცნობია.

„იქნებ თქვენმა გულკეთილობამ და ადამიანობამ დამიხსნას გაჭირვებიდან და მაშოვნინოთ „რუმალონი“, – წერს მარიამ ნაცვლიშვილი ზურაბ გოლუბიანს. ამ წერილს დღემდე ინახავენ გოლუბიანების ოჯახში. ბატონ ზურაბს სიღნაღში წამალი თავად ჩაუტანია. ის საკუთარი შვილივით მიუღია ბოდბისხეველ ქალბატონს.

მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის ზურაბ გოლუბიანი 2001 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ზურაბ გოლუბიანს ყველაზე დიდ ჯილდოდ ხარაგაულელებისგან გამოხატული სიყვარული და პატივისცემა მიაჩნია. მას ოთხი შვილიშვილი ჰყავს. ზურაბ გოლუბიანის შთამომავლობა ნამდვილად იამაყებს ერთგული, კეთილი და ღირსეული პიროვნებით.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ხარაგაულის საპატიო მოქალაქეს.

ნინო კაპანაძე

2019 წლის ბოლოს „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდება ასევე მიენიჭათ

ზაირა სამხარაძე – მთარგმნელს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს;
იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელს;
ზურაბ სამხარაძე – ვეტერან კალათბურთელსა და დამსახურებულ მწვრთნელს;
ლევან ცუცქირიძე – მხატვარს, „ხელოვნების ქურუმს“;
ულინა კაციტაძე – მედიცინის მუშაკს.