2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდა.

„ხარაგაულში ოლიმპიადა მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე, ჩატარდა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე გადასული 45 ხარაგაულელი მოსწავლიდან მხოლოდ 16 გამოცხადდა“, – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხარაგაულში ლალი გველესიანი.

„ოლიმპიადის მეორე ტურში უცხო ენასა და ფიზიკაში ვერც ერთი ხარაგაულელი მოსწავლე ვერ გადავიდა. გასულ წლებში ხარაგაულში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოცდაათზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. წელს კი ცხრა მონაწილიდან მხოლოდ ოთხი გამოცხადდა, – ამბობს ოლიმპიადის დამკვირვებელი დალი ლურსმანაშვილი, – ოლიმპიადის ტესტები  წიგნიერებას, ზოგად განათლებას, თავისუფალ აზროვნებას მოითხოვს. როგორც ჩანს, ეს ჩვენს მოსწავლეებს ცოტა უჭირთ“.

მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ცისკაძემ ოლიმპიადაში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. ლუკა ამბობს, რომ საკითხები როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, საკმაოდ რთული იყო. თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა მისთვის დიდი გამოცდილებაა. ლუკა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს მიღწეულ შედეგს გააუმჯობესებს.

სხვა სკოლის ათოსანი მოსწავლეები ამბობენ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობას მასწავლებლები მოითხოვენ და თუ მაღალ შედეგებს ვერ მიაღწევენ, ეს მათ ნიშნებზე აისახება. ამის გამო ბევრი ჩემი თანატოლი ოლიმპიადაში მონაწილეობისგან თავს იკავებს, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი მეიფარიანი, – ჩემთვის გადამწყვეტი არ არის, გადავალ თუ არა ოლიმპიადის შემდეგ ტურში, მთავარია ჩემი ცოდნა გამოვცადო, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები შევაფასო და უფრო მეტი ვიმუშაო. ამის გამო ვმონაწილეობ ოლიმპიადაში“.

თამთა გოგოლაძე