ხარაგაულის კინოთეატრში დღეს, 30 დეკემბერს, ტრადიციული საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვაჟთა ვოკალური გუნდი „ხარაგაულის ხმები” (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი), ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი „უბისი” (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე),  სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები), ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიელი“ (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე), ინდივიდუალური შემსრულებლები თამარ ლურსმანაშვილი და ლიზი კიკნაძე. საახალწლო კონცერტზე მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგნენ ნორჩი ხარაგაულელი მედოლეები (ხელმძღვანელი ამირან ლურსმანაშვილი).

დღევანდელ კონცერტზე „საპატიო ხარაგაულელებად“ დასახელდნენ:

ზაირა სამხარაძე – მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე.

იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელი;

ზურაბ გოლუბიანი – ფარმაცევტი, ღირსეული მოქალაქე და ქართველი;

ზურაბ სამხარაძე – ვეტერანი კალათბურთელი და დამსახურებული მწვრთნელი;

ლევან ცუცქირიძე – მხატვარი;

ულინა კაციტაძე – მედიცინის მუშაკი.

ზაირა სამხარაძე: -დიდი მადლობა ყველას. ხარაგაული, ღორეშა ჩემთვის ყოველთვის საოცნებო ადგილი იყო. კოზმანის სალოცავზე, სადაც ბავშვობაში ბებიამ წამიყვანა, დავწერე მოთხრობა, რომლითაც ჩემი კუთხე რუმინელ ხალხს გავაცანი. რუმინეთში 21 წლიდან ვცხოვრობდი და შევძელი, რომ მათთვის ქართველი მწერლები გამეცნო“.

იზა ვეფხვაძე: – ჩემი განვლილი და გასავლელი ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდო მივიღე დღეს და ძალიან ბედნიერი ვარ. ძნელია თქვა, რატომ გიყვარს ხარაგაული. ეს იგივეა, რომ თქვა, რატომ გიყვარს შვილი, მშობელი. ხარაგაული ყველა ჩვენგანისთვის სახლია და შეიძლება ვისაუბროთ, რატომ უნდა ვემსახუროთ და გვიყვარდეს სახლი?!

„ზურაბ გოლუბიანი ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა ხარაგაულელებს და არა მხოლოდ მათ სამკურნალო საშუალებებით და ნამდვილად ღირსია, ის ატარებდეს „საპატიო ხარაგაულელის“ ტიტულს, – აღნიშნა ღონისძიეაბაზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ.

საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და დაჯილდოებული „საპატიო ხარაგაულელების“ შესახებ ისაუბრეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა გივი თხელიემ, ინგა მაღრაძემ, ეკატერინე შველიძემ, პედაგოგმა მერი გიორგიძემ.

„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ამ საამაყო ტიტულს ატარებს. სიმბოლურია, რომ საპატიო ხარაგაულელებისათვის მადლიერებით ვასრულებთ 2019 წელს და ახალ 2020 წელს ვეგებებით. მინდა, ეს წელი იყოს წარმატების, სოლიდარობის, ადამიანთა შორის სიყვარულისა და ხარაგაულის წინსვლის წელი“, – აღნიშნა ღონისძიებაზე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ბოგვერაძე).

საპატიო ხარაგაულელებს მედალი, დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

თამთა გოგოლაძე