წინასაახალწლოდ ტრადიციული კონცერტი შემოგვთავაზეს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.

მეორე წელია, რაც სამუსიკო სკოლასთან ბენდი „გრავე“ (წევრები – დარეჯან გვაძაბია, თამარ ჩიმაკაძე, ირაკლი ცქიტიშვილი, გიორგი გავაშელიშვილი, ნიკოლოზ კიკნაძე, დათო კვირიკაშვილი) ფუნქციონირებს. ბენდმა პოპულარული ქართული და უცხოური სიმღერების პოპური შემოგვთავაზა, შესანიშნავი აკომპანიატორობა გაუწია სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს.

კონცერტი გაამრავალფეროვნა ზრდასრულთა განათლების ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერების შემსწავლელი წრის (ხელმძღვანელი თამილა კირთაძე) მოსწავლეების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.

„ამ კონცერტით ვაჯამებთ გასულ წელს, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო სამუსიკო სკოლისთვის – აღნიშნა ამ სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ, – განსაკუთრებთ მინდა აღვნიშნო მარიამ ხაჩიძის წარმატება, რომელმაც ლიეტუას ქალაქ ტაურაგეში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. საკმაოდ განათლებული და მონდომებული მოსწავლეები გვყავს და ეს მათი პედაგოგების დამსახურებაა.“