ორი წლის წინ პატარა ერეკლე კურტანიძეს საბავშვო ბაღის დავალების შესასრულებლად ოჯახის წევრების ფოტოები დასჭირდა.
ერეკლეს მშობლებს – მარიკა ხარატიშვილსა და გივი კურტანიძეს ოჯახში დაბეჭდილი ფოტოები არ აღმოაჩნდათ. მაშინ გადაწყვიტეს, რომ ხარაგაულში ფოტო-ვიდეო სალონი გაეხსნათ და ხარაგაულელებისთვის სიახლე შეეთავაზებინათ.
მარიკასა და გივის საკუთარი ბიზნესის კეთების სურვილი ოჯახის შექმნის დღიდან ჰქონდათ. ხშირად ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, ისეთი საქმე წამოეწყოთ, რაც ხარაგაულში ხელსაყრელიც იქნებოდა და ინოვაციურიც.
მარიკა ხარატიშვილმა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ორი ბიზნესპროექტი შეიტანა – ერთი ღვინის წარმოებას, მეორე – ფოტო-ვიდეო სალონის დაფინანსებას ეხებოდა. არჩევანის წინაშე რომ დადგა, მეორე პროექტის განხორციელება აირჩია, რადგან ამ მიმართულებით მეტი გამოცდილება ჰქონდა.
თავდაპირველად ფოტო-ვიდეო სალონში ფოტოების ბეჭდვა და გასაღების საკიდების დამზადება დაიწყეს. კლიენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჭიქებზე, მაისურებსა და ჩანთებზე ბეჭდვა დაამატეს. ფოტო-ვიდეო სალონში მზადდება კალენდრები. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საათები სასურველი ფოტოებით, სიგელები, სერტიფიკატები, აღადგინოთ ძველი და დაზიანებული ფოტოები.
„ჩემი საქმე მაბედნიერებს, – ამბობს მარიკა ხარატიშვილი, – შესაძლოა, ვერ გავმდიდრდე, მაგრამ ის, რასაც ვაკეთებ, ყოველდღიურობას ძალიან მიმსუბუქებს. საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული ტკბილია.
ჩემთვის დიდი სტიმულია, ადამიანები ჩვენი მომსახურებით კმაყოფილები რომ რჩებიან. სასაჩუქრედ უფრო მეტად მოთხოვნადია ჭიქები, ოჯახები ჩარჩოიან ფოტოებს გვიკვეთავენ. ვიღებთ და ვამზადებთ ფოტოებსა და ვიდეოებს ქორწილებში, დაბადების დღეებზე, ნათლობებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ახლა საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმები დაიწყო. ყველაზე მეტად ბავშვებთან მუშაობა მახარებს. როცა ვიდეოს ვიღებ, სურათების გადაღება არ მევალება, მაგრამ ფოტოებს მაინც ვამზადებ. ხუთლარიან ვიდეოჩანაწერს სურათები საჩუქრად მიჰყვება.
ხარაგაულელებსა და ხარაგაულის სტუმრებს ხელმისაწვდომ, დროულ და ხარისხიან მომსახურებას ვთავაზობ. ყველაფერს კლიენტებთან შეთანხმებით ვაკეთებ და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.
ვცდილობ, საქმიანობაში მეტი სიახლე დავნერგო. ამაში ფერმერ ქალთა ასოციაციის ტრენინგები დამეხმარა. გარდა იმისა, რომ ბიზნესის განვითარების ხერხები და მეთოდები შევისწავლე, ბიზნესმენი ქალებისგან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება მივიღე“.
მარიკა ხარატიშვილი სამი შვილის დედაა. ფოტო-ვიდეო სალონის გარდა, ის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. ამბობს, რომ მისთვის უსაქმურობა უფრო დამღლელია, ვიდრე ბევრი საქმე. ოჯახის წევრების ხელშეწყობითა და თანადგომით დროს ისე ანაწილებს, რომ შვილებსაც უვლის, ტრენინგებზეც დადის და სამოგზაუროდ წასვლასაც ახერხებს.
ქალი ბიზნესმენი მეტად ალღოიანი, გადაწყვეტილების სწრაფად მიმღები და მიზანდასახულია, – ასე ფიქრობს მარიკა ხარატიშვილი და საკუთარი ხელნაკეთი ნივთებისთვის მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამჟამად კერვას ეუფლება, თან საბავშვო ბაღის აღმზრდელთა სერტიფიცირებისთვის ემზადება. მომავალში სკოლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაც სურს. დარწმუნებულია, რომ უქმად არასდროს იქნება და საკუთარი საქმე შემოსავალს ყოველთვის მოუტანს.
რატომ უნდა მივიდეთ ფოტო-ვიდეო სალონში მარიკა ხარატიშვილთან?
ამაზე მარიკა გვპასუხობს:
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხარაგაულელი სხვაგან არ უნდა წავიდეს და მომსახურება აქ, ადგილზე უნდა მიიღოს;
მეორე – აქ ხელმისაწვდომი ფასები, დროული და ხარისხიანი მომსახურებაა
და მესამე – ყველაფერს ადამიანებისადმი დიდი სიყვარულით ვამზადებ.
ნინო კაპანაძე
ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი
23 დღეა, მსოფლიო გაოგნებული უყურებს,
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო