საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ „ქართული ოცნების“ კურსისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.

საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.“

„ის რაც 14 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით ხდება, არის სამარცხვინო და მარაზმი, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე, – შეურაცხმყოფელია „სასმელ-საჭმლის და უფასო ტრანსპორტირების“ დაპირებით გაუგებარ კონცერტ-აქციაზე ხალხის „წარეკვა“.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხარაგაულში ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ის თავის მეგობარ ახალგაზრდებთან ერთად აქცია-კონცერტს უერთდება. მისი ინფორმაციით, ხარაგაულიდან აქციაზე წამსვლელთა ორგანიზებაში პარტიის რაიონული ორგანიზაციაც ჩაერთო. ვარლამ ჭიპაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქციაზე წასვლის სურვილი არ აქვს და ძალდატანებით მიჰყავთ, მას მიმართონ.

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ რამდენიმე საჯარო მოხელესა და ააიპ-ის თანამშრომელს ესაუბრა.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი რუსუდან გურგენიძე აქციაზე არ მიდის. ის ამბობს, რომ ამის გამო არც არავინ დამუქრებია და რაიმე ზეწოლას არც მომავალში ელოდება.

მასწავლებლებმა და ააიპ-ების თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ზოგი სკოლის დირექტორსა და სამსახურის უფროსს უარს ვერ ეუბნება, თორემ დიდი ხალისით აქცია-კონცერტზე არავინ მიდის.