სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები, გასართობი სათავგადასავლო პარკი, ახალი ბულვარი და თანამედროვე ტურისტული ცენტრი. ეს იდეები, რომელიც მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცის მოწყობასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება, ახალგაზრდებს ეკუთვნით. ხუთი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა კონკურსის შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დანიის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა. სულ კონკურსში ხუთი მუნიციპალიტეტის თხუთმეტმა ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.

„ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე და დონეზე. კონკურსის მონაწილეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან. ეს კარგი საშუალებაა ახალგაზრდების გააქტიურებისათვის, მათი საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში ჩართვისთვის,“ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

ახალგაზრდული კონკურსი საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში – გარდაბანში, ხაშურში (სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში, სექტემბერსა და ოქტომბერში  ჩატარდა. ხუთი საუკეთესო ინიციატივა საყოველთაო კენჭისყრის წესით გამოვლინდა, რაშიც 2,300 მოქალაქე ჩაერთო. კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება, წარდგენა და ადვოკატირება ისწავლეს. კონკურსი ჩაატარა  ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA Central Europe“.

„საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდები ხშირად საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, რაც იწვევს მათ მიგრაციას თბილისში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მდგომარეობის გამოსასწორებლად ისინი უნდა ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის მუნიციპალური ინვესტიციების საკითხებში,“ – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

მომავალ წელს  კონკურსში გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სადაც თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან.

ახალგაზრდული იდეების კონკურსი გაიმართა UNDP-ის ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მმართველობის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვით-მმართველობის გაუმჯობესებას ემსახურება. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, დანიისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, სამ რეგიონში – ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ხორციელდება.

წყარო