ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან, მესამე წელია, მხედველობა შეზღუდულ პირთა პროექტი ხორციელდება.

4 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ამ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

მხედველობა შეზღუდულ პირთა პროექტს გულო ჭარბაძე ხელმძღვანელობს. მის გარდა, ამ პროექტში ხუთი პირია დასაქმებული. ბრაილის შრიფტის შემსწავლელ წრეს მზია კურტანიძე უძღვება; ხმოვანი, ადაპტირებული კომპიუტერის შესწავლის წრეს – ვასილ ლომიძე; ლიტერატურულ წრეს – ხათუნა ლაბაძე. წელს პროექტს სამაგიდო თამაშების (შაში, ჭადრაკი) შემსწავლელი წრე დაემატა და მას რომან შავიძე ხელმძღვანელობს. პროექტის ტექნიკური მენეჯერია სერგო შველიძე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას ეს პროექტი იდეაშივე ითვალისწინებდა. შარშან პროექტში 12 პირი იყო ჩართული, წელს – 19, სულ ორი წლის განმავლობაში – 25 მხედველობა შეზღუდული.

„ჩვენ ერთად ვართ, შემოგვიერთდით“, – ეს დევიზი გასდევდა შემაჯამებელ ღონისძიებას, რომლის მონაწილეებსაც, გულო ჭარბაძემ, სურვილის შემთხვევაში, ჩართულობისკენ მოგვიწოდა. ღონისძიებაზე ბენეფიციარებმა პროექტის ფარგლებში შეთვისებული მასალა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები წარმოგვიდგინეს; უსინათლო პოეტების ლექსები და ბრძნული გამონათქვამები წაიკითხეს.

უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძემადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას შშმ პირთა პროექტის დაფინანსებისთვის და მხარდაჭერის გაძლიერება მოითხოვა. კერძოდ, ცალკე ფართის გამოყოფა ამ პროექტის განსახორციელებლად; დედაქალაქიდან უსინათლო მომღერლებისა და პოეტების ხარაგაულში ჩამოყვანა და მათთან შეხვედრის უზრუნველყოფა და ასევე – უსინათლო პირების ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში დასვენება-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება. ვასილ ლომიძემ შშმ პირთა დასვენება-რეაბილიტაციის 4360 ლარი ღირებულების პროექტით მერიას ამ წლის სექტემბერში მიმართა.

შეხვედრაზე მყოფი საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე ვასილ ლომიძეს პროექტების განსახორციელებლად მხარდაჭერას დაჰპირდა. რაც შეეხება ცალკე ფართის გამოყოფას, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი ყველა მოქალაქისაა და მხედველობა შეზღუდული პირების პროექტი ამ ფართში დაუბრკოლებლად უნდა გაგრძელდეს.