„2020 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი 20 ათასი ლარი არასაკმარისია. ამ დარგის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა“, – აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებში.
რატომ არ არის სოფლის მეურნეობის დაფინანსება პრიორიტეტი და კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში დაგეგმილი თანხა, – ამ საკითხზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას იმსჯელეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილისთვის პრობლემაა ის, რომ გასულ წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბიუჯეტში თანხა დაიგეგმა, კონკრეტული პროგრამა კი არ მომზადდა. ის ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ამ კუთხით სათანადოდ არ მუშაობს.
„შარშანაც დავაყენე ეს საკითხი, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე, – სამინისტროსგან დაფინანსებულ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ჩასართავად მიწის გამოკვლევაა საჭირო, რაც 240 ლარი ღირს. ნერგები, სარწყავი სისტემა, ტერიტორიის შემოღობვა პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. იმის გამო, რომ მიწის ანალიზისთვის თანხა ვერ გამოათავისუფლეს, სოფლად მცხოვრები ოჯახები ამ პროგრამაში ვერ ჩაერთვნენ. კარგი იქნება, თუკი ფერმერებს ადგილობრივი ბუჯეტიდან შევეხიდებით და მიწის ანალიზისთვის საჭირო თანხას დავუფინანსებთ. დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება. ვერ გავიზიარებ ფინანსთა სამინისტროს წინადადებას, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება არ არის და ეს დარგი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. ჩვენ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებულ პროგრამებში ვეხიდებით და რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს აქაც?!“
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილს მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია და არავის აქვს უფლება, ადგილობრივ თვითმმართველობას მისი დაფინანსება აუკრძალოს. „სოციალური მიმართულებით ხარჯების გაზრდა რომ არ დაგვჭირდეს და უკეთესად ვიყოთ, ამიტომ უნდა დავაფინანსოთ სოფლის მეურნეობის განვითარება ხარაგაულში“, – ამბობს გივი თავზარაშვილი.
„2018 და 2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა ვერ გაიხარჯა, რადგან კონკრეტული პროექტის არავის წარმოუდგენია, – ამბობს მერიის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე, – 2020 წლისთვის 20 ათასი ლარი დავგეგმეთ, მაგრამ არ ვიცი, რას გვეტყვის ფინანსთა სამინისტრო. პროექტი, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს თანხა, არც ახლა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება არ არის.
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტში 2017 და 2018 წლებში 10-10 ათასი ლარი იყო დაგეგმილი. 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ცხოველთა ხელოვნური განაყოფირების პროექტი 5 800 ლარი დაფინანსდა. გასულ წლებში მერიამ ხარაგაულელი ფერმერებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები წარმატებული ფერმერების გამოცდილების გასაცნობად საინფორმაციო ტურები მოაწყო.
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დაგეგმილი 10 ათასი ლარიდან 9 ათასი ლარი „ხარაგაულდასუფთავებას“ გადაერიცხება „სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად“, – ამბობს ნინო მაღლაკელიძე. ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.
თვითმმართველობას სოფლის მეურნეობის დაფინანსება კანონით არ ეკრძალება და შესაძლოა, დააფინანსოს ნებაყოფლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, მოსახლეობისთვის საჭიროების დასაბუთების საფუძველზე.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.