ხარაგაულის სამედიცინო ცენტრმა 26 ნოემბერს საღანძილეში სამედიცინო აქცია გამართა. საღანძილის საექიმო ამბულატორიაში, ამბულატორიის ექიმ ნანი არევაძესთან ერთად, მოსახლეობას ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი, ქირურგი, ნევროლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი და კარდიოლოგი მოემსახურენ. მსგავსი აქციები ვარძიასა და ლეღვანში უკვე გაიმართა.

ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ამბობს, რომ შემდეგი აქცია ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბორითში გაიმართება.

„უფასო სამედიცინო აქციის მიზანია, მოსახლეობას საჭირო სამედიცინო მომსახურება ადგილზე გავუწიოთ. ამასთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მომსახურებისა და სერვისების მიღება შუეძლიათ ხარაგაულის სამედიცინო ცენტრში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ხარაგაულის საავადმყოფომდე ტრანსპორტირება ძალიან რთულია. ამიტომ პაციენტების უმრავლესობა სამედიცინო მომსახურებისთვის ახლომდებარე ქალაქებს მიმართავს. აქციის ფარგლებში შემოწმება 150-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადება შარქიანი დიაბეტია“, – ამბობს მაკა ქასრაშვილი.

„კარდიოლოგთან ვიყავი, ყველა კითხვაზე კვალიფიციური პასუხი მივიღე, დანიშნულებაც დამიწერა, მადლობელი ვარ. ძალიან მოსახერხებელია, როცა ექიმის მომსახურებას აქვე, საკუთარ სოფელში მიიღებ. საღანძილიდან ხარაგაულამდე ჩამოსვლა ძალიან რთულია. ფეხით უნდა წამოხვიდე, შეიძლება ვინმე მადლიანმა გაგიჩეროს და წამოგიყვანოს. იქნებ გზის გაკეთების შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს“, – ამბობს საღანძილელი მარინე ბერაძე.