მაღაზიაში, ბაზარსა და კვების ობიექტში ვადაგასული, ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი თუ შენიშნეთ, შეგიძლიათ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1501 დარეკოთ.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, რომ  შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და დაინტერესებულ პირს გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობაში 2027 წლამდე უნდა აისახოს.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში სურსათის უვნებლობას სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევდა, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე, – მოქალაქეებმა სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავისი მოვალეობების შესრულება უნდა მოვთხოვოთ, სახელმწიფოს კი – ეტაპობრივად დაგეგმილი რეგულაციების დროულად ამოქმედება.

რეგულაციები ბევრჯერ გადავადდა იმ მოტივით, რომ „ბიზნესი სათანადოდ მომზადებული არ არის“. სახელმწიფომ ცალსახა ნება უნდა აჩვენოს ბიზნესს, რომ კონკრეტული რეგულაცია არ გადავადდება და „მაღალ ეშელონებში“ ამ თემის ლობირება შეუძლებელია“.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ვებგვერდზე  http://momxmarebeli.ge/ და ფეისბუქგვერდზე მომხმარებელი.ge გამოქვეყნებული ინფორმაციები მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება – როგორ შევარჩიოთ:

„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ შესახებ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო განათლება სურსათის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად“ – ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა ფიქრია ჭლიკაძემ და მისმა მოადგილე ზურაბ გორდეზიანმა სააგენტოს მიერ 2019 წელს იმერეთში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს ამ სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნეს.

ეფექტურია თუ არა სურსათის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექნიზმები, რამდენად სწრაფად უახლოვდება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, ვის და როგორ მივმართოთ სურსათის უვნებლობის სფეროში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, – ამ საკითხებზე მოქალაქეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიურად მოითხოვონ სახელმწიფოსგან სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებები. ამიტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.

შეხვედრა გამომცემლობასთან „ჩემი ხარაგაული“ თანამშრომლობით გაიმართა.

ნინო კაპანაძე