ვახანის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულმა მაჟორიტარობის ხუთივე კანდიდატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. ვეფხვია ღონღაძემ („ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“), ვახტანგ მეგრელიშვილმა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნოდარ გოგოლაძემ („დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), გენადი არევაძემ („ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“), მერაბ ღონღაძემ („ქართული ოცნება“) 5 ივნისს მიმართეს  #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით.

კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანი განმარტავს, რომ მათ განცხადებაში არ მიუთითეს კანდიდატურის მოხსნის მიზეზი.

„ეს არის ჩვენი, ხუთივე კანდიდატის, შეთანხმება სოფლის ინტერესების შესაბამისად, ყურადღების მიქცევის მიზნით, რომ მერაბ არევაძის მკვლელობა თავიდან გამოიძიონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს ობიექტურად. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ის, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი, არ არის სამართლიანობის აღდგენა და სამართალი,“ – ამბობს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ვეფხვია ღონღაძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2012 წლის მაისში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერის, მერაბ არევაძის მკვლელობაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ვახანში დეპუტატობის კანდიდატთა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულში 6 ივნისს გამართულ შეხვედრაზე. მისი ინფორმაციით, 5 ივნისს მერაბ არევაძის მეუღლე და ძმა მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინიციატივით, შეხვდნენ საოლქო პროკურატურაში იმ თანამშრომლებს, ვინც მერაბ არევაძის საქმეს იძიებდა. „პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბ არევაძე მოკლულია, რაც დამნაშავის 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დანაშაულის დაფარვა ედებოდა ბრალად მეორე ადამიანს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს იყო სიცოცხლის გაუფრთხილებლობა, რის გამოც მეორე პირი გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო დამნაშავეს შეუმცირდა სასჯელი. ჩვენ შევთანხმდით სამ საკითხზე: ცალკე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი ძიება იმ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც შეიძლება დამატებით გარემოებად იქცეს და მოხდეს მისი ხელახალი განხილვა. ამავე დროს ოჯახს აქვს შეკითხვები დანაშაულში მონაწილე პირებთან დაკავშირებით და მოითხოვეს ექსპერტიზა. ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ექსპერტიზის ხარჯებს დააფინანსებს ბატონი ნოდარ ებანოიძე. საუბარია ფირებზე, რომელიც არ დაერთო საქმეს მტკიცებულებად და საეჭვო გარემოებად არის მიჩნეული. ოჯახი ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულში აღმოაჩნდა ტყვია, რომელიც ექსპერტიზაში არ აისახა. არის ასევე სიმბარათთან დაკავშირებული საკითხები. ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ყველა ადამიანი არ იყო დაკითხული.

გუშინ ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა და პირადად ჩემს კონტროლზეა აყვანილი, თუ რამდენად ობიექტურად წარიმართება ეს პროცესი. ვიმედოვნებ, რომ თავად ოჯახი მიიღებს, პირველ რიგში, შეკითხვებზე პასუხს და მერე საზოგადოება. მე მესმის სოფლის სოლიდარობა და მხარდაჭერა, მაგრამ გთხოვთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა არ გადაიზარდოს პოლიტიკურ საკითხებში. გამგეობას, ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს ყოველთვის მივაწვდი ინფორმაციას ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაზე. საზოგადოების აზრია, რომ ეს ადამიანი მოკლეს და პასუხი უნდა აგონ მკვლელობაზე და არა სიცოცხლის გაუფრთხილებლობაზე. ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა ოჯახის ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს,“ – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარი8შვილმა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: სამსახურებრივი მოვალეობის დროს მოკლული რეინჯერი მერაბ არევაძე