ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში 30 ოქტომბერს ხარაგაულის სამედიცინო ცენტრმა აქცია მოაწყო. ვარძიის მოსახლეობას გამოკვლევები ხარაგაულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგმა, გინეკოლოგმა, თერაპევტმა, ექოსკოპისტმა და ენდოკრინოლოგმა ჩაუტარეს.

„გვსურს, რომ ხარაგაულის მოსახლეობამ სრული, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ადგილზე მიიღოს, – ამბობს ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი, – ხარაგაულის კლინიკაში გვყავს რენდგენოლოგი, ექოსკოპისტი, ექოკარდიოსკოპისტი, კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ფთიზიატრი, ოჯახის ექიმი – როგორც მოწვეული, ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ხარაგაულის საავადმყოფო აღჭურვილია და სრული სერვისის – პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სტაციონარული მომსახურების ხარაგაულში მიღება შესაძლებელია.

ხარაგაულში სამედიცინო კადრების დეფიციტია. ადგილობრივი სპეციალისტი უკეთ იცნობს მოსახლეობას, იცის მათი გასაჭირი და პრობლემები, უფრო მეტი მონდომებით მოემსახურება თავის მხარეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ“.

ვარძიის ოჯახის ექიმი თამარ მახათაძე ამბობს: „კარგია, როცა ვიწრო სპეციალობის ექიმები სოფლებში მცხოვრებ პაციენტებს ადგილზე გასინჯავენ. ვარძიიდან ხარაგაულში პირდაპირი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ამიტომ ვარძიელებს ზესტაფონში ჩასვლა ურჩევნიათ. ხარაგაულში რომ გადავიდნენ, ორი ტრანსპორტი უნდა გამოიცვალონ. ეს ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. მედიკამენტები ხარაგაულში უფრო ძვირია“.

ვარძიელი ჟორა ხიჯაკაძე უფასო სამედიცინო აქციის მონაწილე ექიმების კვალიფიკაციითა და მომსახურებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის ექიმმაც იგივე დიაგნოზი დაუსვა, რაც თბილისის კლინიკის ექიმმა.

სამედიცინო შემოწმება ვარძიაში მცხოვრებ 30 მოქალაქეს ჩაუტარდა. აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მოინახულა. ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გეგმავს.