ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, ივნისი საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანია კულტურის ცენტრთან არსებული კოლექტივებისთვის.

9 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გამართავს სპექტაკლს „ნატვრის ხე“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სპექტაკლი გაიმართება ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2014“ ფარგლებში.

11 ივნისს ხარაგაულში გაიმართება ტრადიციული ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან.“ ეს ფესტივალი უკვე მეექვსედ ტარდება და მასში მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში არსებული, ძირითადად სკოლებში, მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები.

25 ივნისს ხელვაჩაურში თოჯინების თეატრების ფესტივალში სპექტაკლით „კომბლე“ წარდგება ხარაგაულის თოჯინების თეატრი.

26-28 ივნისს კულტურის სამინისტროს პროექტში „საქართველო არის ესე“ მონაწილეობას მიიღებენ კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები), მოსწავლეთა სახლთან არსებული მგალობელ ბავშვთა (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე) და ხალხური სიმღერის გუნდები.