ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე უწყებათაშორის კომისიაში რამდენიმე საჩივარი შევიდა. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 29 მაისს კომისიამ სხდომა ხარაგაულში ჩაატარა.

„ბევრი საჩივარი შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამგებელი და ადგილობრივი თვითმმართველობა, სავარაუდოდ, უნდა იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს. საჩივრის თანახმად, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სავარუდოდ, უნდა არღვევდეს საარჩევნო კოდექსს. ამის განსახილველად და იმის ასახსნელად, ვის რა ქცევა ევალება წინასაარჩვენო კამპანიის დროს, ჩამოვედით ხარაგაულში,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სახელით დაგმო კერძო პირების თავდასხმა კომისიის მოწვეულ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილზე. თეა წულუკიანმა ყველა მოქალაქეს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი თავდასხმები აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მან ხარაგაულიდან მიმართა გარდაბანში მომხდარი ინციდენტის მონაწილე სვანებს, რომ ახლა არ არის ჩხუბის და ტყუან-მართალის გარკვევის დრო. „მართალია, არც ერთი მხარე – ეთნიკურად ქართველები და ეთნიკურად აზერბაიჯანელები, როგორც ჩანს, არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მაგრამ ნებისმიერი არეულობა და შეხლა-შემოხლა აზიანებს პროცესს და ქვეყანას,“ – დასძინა თეა წულუკიანმა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ კომისიის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათ შორის იმ პირებს, რომელთა მიმართაც დაიწერა საჩივრები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კომისია მხოლოდ იხილავს განცხადებებს და ფაქტებზე კონკრეტული რეაგირება არ ხდება: „დაპირისპირებასა და ძალადობაზე უნდა იყოს მკვეთრი რეაქცია. ეს ფორმატი არ მიმაჩნია გამართლებულად. უწყებათაშორისი კომისიის შედეგი ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ, სამწუხაროდ.“

„ერთიანი ოპოზიციის“ წევრმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო არის არათანაბარი და უსამართლო. მისი თქმით, მედიასაშუალებები მონოპოლიზებული აქვს „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას.“ კოალიციას „ერთიანი ოპოზიცია“ კი საეთერო დროის მხოლოდ 2%-ს უთმობენ. ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, სახელისუფლებო კანდიდატები ფიზიკურად უსწორდებიან „ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომყველა საჩივარი აბსურდული აღმოჩნდა და არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა. „ვიმყოფები საჩივრების ტერორში, რადგან მომხდარა თუ არა ფაქტი, ყველაფერზე წერენ საჩივრებს, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – მათ აქვთ ამის უფლება, მაგრამ დადასტურების გარეშე რეაგირება ვერ იქნება. კონკრეტულად გეტყვით, რომ არ დადასტურდა ვარძიის ტერიტორიულ ერთეულში რწმუნებულის დანიშვნისა და სპეციალისტის გათავისუფლების ფაქტები. ყველა საჯარო პირი, ვისაც ბრალს დებდნენ წინასაარჩევნოდ უკანონო აგიტაციაში, იმყოფება შვებულებაში. სოციალური დახმარებები მეტი იცემა წინა წლებთან შედარებით, რადგან ხელისუფლებამ სოციალურ პროგრამებს პრიორიტეტი მიანიჭა. პირველ კვარტალში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცა გარკვეული შემწეობები, – აპრილში გაცილებით ნაკლები, ვიდრე – მაისში. კომისიამ ვერ გაიზიარა მოსაზრება, რომ ადგილი ჰქონდა მოქალაქეების მოსყიდვას.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ ხარაგაულში საარჩევნო გარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი და ყველას აქვს ხელმისაწვდომობა, მივიდეს ამომრჩეველთან და მხარდაჭერა მოიპოვოს,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

უწყებათაშორის კომისიაში საჩივრები შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, აკაკი მაჭავარიანის მიმართ. „ბრალი მედებოდა წინასაარჩევნოდ მოქალაქეებზე ზეწოლაში. ეს არც მიკადრებია და არც ვიკადრებ არასდროს. მიჩივიან, რომ საკრებულოს მანქანას ვიყენებ სააგიტაციოდ. როგორც კი კანდიდატად დავრეგისტრირდი, იმ დღის შემდეგ სამსახურის მანქანით  აღარ მისარგებლია. ავტომანქანით ინსპექტირების ჯგუფი გადაადგილდება.“

მესამე საჩივარი, აკაკი მაჭავარიანის თქმით, ეხებოდა ახალსოფელში მცხოვრები მოქალაქის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს. „მარტის ბოლოს საკრებულოში შემოვიდა განცხადება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც ითხოვდა კომპიუტერს, – გვიამბობს აკაკი მაჭავარიანი, – ეს საკითხი განიხილა ბიურომ, კომისიებმა და საკრებულომ. ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი მისთვის კომპიუტერის შეძენას. 7 აპრილს საკრებულოს სხდომაზე მივიღეთ დადგენილება და გადავეცით გამგეობის სოციალური დაცვის კომისიას განსახილველად. აღმოჩნდა, რომ გამგეობა 25 მაისამდე ვერ შეიძენდა კომპიუტერს. წინასაარჩევნო პერიოდის გამო მოქალაქესთვის კომპიუტერი ჯერ არ გადამიცია. სხვათაშორის, ამასწინათ დამირეკა ერთმა პიროვნებამ და მითხრა, რომ მშვიდ ცხოვრებას დამირღვევდა, რაც მოახერხა კიდეც.“

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, „ხარაგაულში, ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის,“ მეორეს მხრივ „ქართული ოცნების“ და მესამე მხრივ „ხალხის პარტიის“ კანდიდატებს აქვთ მუდმივი განცდა, რომ ერთი მეორეს ჩაგრავს. სათითაოდ განვიხილეთ ყველა საჩივარი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაციები. ნაწილობრივ გამოიკვეთა, რომ „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელს მტკიცებულებები საჩივრის დასასაბუთებლად არ ჰქონდა. იყო ნაწილი სიტუაციების, რაც ცესკოს გადაეცემა და აქედან გამომდინარე დადგინდება, ვინ და როდის დაარღვია კანონი. მთავარია, ყველას ესმოდეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიტიკური პარტიის საქმე გაიმიჯნოს ერთმანეთისგან.“

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძემ აღნიშნა, რომ მან დააყენა გამგებლობის სახელისუფლებო კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი – კერძოდ, საუბარია გაზეთში „ახალი ხარაგაული“ გამოქვეყნებულ სტატიაზე. მისი ინფორმაციით, კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ გაზეთმა ანალოგიურად დაუთმოს ადგილი სხვა საარჩევნო სუბიექტებსაც.

უწყებათაშორის კომისიაში საჩივრები „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა როინ ხიჯაკაძემ შეიტანა. სხდომის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ბატონ როინს. „ჩემს მიერ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით კომისიამ მოახდინა სრულყოფილი და ადექვატური რეაგირება, – განაცხადა როინ ხიჯაკაძემ, – აბსოლუტური სიცრუეა კობა ლურსმანაშვილის განცხადება, რომ თითქოს არ დადასტურდა დარღვევები. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო კომისიას, არამედ მის თავმჯდომარესაც. დარღვევათა მნიშვნელოვანი ნაწილი რეაგირებისთვის გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კობა ლურსმანაშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. დარღვევათა ნაწილზე, რომელიც შეიცავდა გაცილებით მძიმე, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, მივმართავ პროკურატურას. ცესკოს გადაეგზავნა კომისიის წევრებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია. საოლქო კომისიაში მიმდინარეობს ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოება. კომისიის მიერ მკაცრი რეკომენდაცია გაიცა გამგებლის იმ ქმედებებზე, რაც უკავშირდება საჯარო მოხელეების გათავისუფლებას  და მათზე ზეწოლას. მას მიეთითა, რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში. სიტყვასიტყვით ასეთი რეკომენდაცია გაიცა კობა ლურსმანაშვილისა და აკაკი მაჭავარიანის მიმართ, რომ მათ აღარ გაბედონ პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება კანონდარღვევით,“ – ამბობს როინ ხიჯაკაძე.

ნინო კაპანაძე