ოქტომბრიდან ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში საბალეტო სტუდია ამოქმედდა. სტუდიის ხელმძღვანელი თბილისიდან მოწვეული ქორეოგრაფი ინგა თოფლიშვილია. სტუდიაში სწავლის ღირებულება თვეში 20 ლარია. მოსწავლეებს სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით იღებენ, – 4 წლიდან 6 წლის ჩათვლით; 7 წლიდან 12 წლის ჩათვლით და 12 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველები.

საბალეტო სტუდიის მეცადინეობები კვირაში ორჯერ ხარაგაულის კულტურის ცენტრის დარბაზში იმართება. ამჟამად საბალეტო სტუდიაში შვიდი მოსწავლეა.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის, ინფორმაციით, „ამ წლის ბოლომდე საბალეტო სტუდიის ფუნქციონირებისათვის დაახლოებით 2 400 ლარია საჭირო, რაც ქორეოგრაფის ხელფასის სახით გაიცემა. ამ თანხას კულტურისა და ხელოვნების ცენტრი საკუთარი შემოსავლებიდან გაიღებს და ბიუჯეტიდან დამატებითი სუბსიდირება არ დასჭირდება“.