ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების, მერიის კულტურის სამსახურისა და პედაგოგთა პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის ხელშეწყობით ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა თეა ტალახაძემ (წიფა), ირმა დეკანოსიძემ (ზვარე), ნათია ბანცაძემ, ეკა გიორგობიანიმა (კიცხი), მედული ბოგვერაძემ, მაია ნანაიტაშვილმა, მარიკა ხარატიშვილმა (ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი) და ნადაბურის საბავშვო ბაღის გამგე მარიამ ქველაძემ კოლეგებს ხელნაკეთი ნამუშევრები წარმოუდგინეს. საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარმოაჩინეს.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და მასწავლებლის დღე მიულოცა.

„ღვაწლი იმ ადამიანებისა, რომლებიც საბავშვო ბაღებში მუშაობენ, თავიანთ ცოდნასა და ენერგიას მომავალი თაობის აღზრდას ახმარენ, შეუფასებელია. ხშირად ვესწრები საბავშვო ბაღებში გამართულ ზეიმებს და ყოველთვის ვფიქრობ, რა უნდა ვნახო ამაზე უკეთესი. თუმცა შემდეგ კიდევ უკეთესს ამზადებენ. აღმზრდელთა ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს. ეს დღე ტრადიციად უნდა ვაქციოთ და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა შემოქმედებითი უნარები ფართო საზოგადოებას გავაცნოთ“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

მეთოდისტ თამარ ავალიშვილის ინფორმაციით, მომავალ წელს საბავშვო ბაღის აღმზრდელები აღმზრდელ-პედაგოგების სტატუსს მიიღებენ. „საბავშვო ბაღის აღმზრდელთა უმრავლესობა შემოქმედებითი უნარებითაა დაჯილდოებული. ეს მათ აღსაზრდელებთან ურთიერთობას უადვილდებს, დადებითი ატმოსფეროს შექმნაში ეხმარება“, – მიიჩნევს თამარ ავალიშვილი.

„მარიამ ქველაძისგან შექმნილი ნამუშევრები რომ ვიხილე, დავრწმუნდი, ბაღის თანამშრომლები დიდ შემოქმედებით პოტენციალს ფლობენ, – ამბობს ღონისძიების იდეის ავტორი, მერიის კულტურის სამსახურის მთ. სპეციალისტი განათლების საკითხებში ლელა შარიქაძე, – სწორედ ამან მიბიძგა ისეთი ღონისძიების ჩატარებისკენ, სადაც აღმზრდელები საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს გამოავლენდნენ“.

„მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელებს, ჯერჯერობით, მასწავლებლის სტატუსი არ გვაქვს, მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა ძალიან მომეწონა. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას შემოქმედებითობა მჭიდროდ უკავშირდება“, – ამბობს ნადაბურის ბაღის აღმზრდელი მარინა კიკაძე.

კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გულიკო მაღლაფერიძეს ზვარელი კოლეგებისგან შექმნილი ნამუშევრები იმდენად მოეწონა, რომ თვითონაც გაუჩნდა ბუნებრივი მასალებისგან ორიგინალური ნაკეთობების შექმნის სურვილი.

„45 წელია, ამ სისტემაში ვმუშაობ. ასეთ ღონისძიებებს ხშირად ვმართავდით და ყოველთვის წარმატებულები ვიყავით. ძალიან ვისიამოვნე, განვიტვირთე, გავხალისდი, მასწავლებლის დღე ჩემთვის დასამახსოვრებელი გახდა. იმედია, მასწავლებელის სტატუსი მალე ჩვენც მოგვენიჭება“, – ამბობს წყალაფორეთის საბავშვო ბაღის გამგე გულო ხარატიშვილი.

„1-დან 4 წლამდე ასაკის აღსაზრდელთა შერეულ ჯგუფში ვმუშაობ, რაც საკმაოდ რთულია. თუმცა, შემოქმედებითი უნარი საშუალებას მაძლევს, აღსაზრდელებს ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობა შევთავაზო და ეს მათთვის ძალიან საინტერესოა, – ამბობს ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ელზა ბანცაძე, – სახლიდან შეიძლება საქმით დაღლილი გამოვიდე. ბაღის კარებს როგორც კი შევაღებ, ყველა პრობლემა მავიწყდება და იწყება ჩემი ცხოვრება, – საქმე, რომელსაც, 37 წელია, ვემსახურები“.

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა საბავშვო ბაღებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.

თამთა გოგოლაძე