მუნიციპალური განვითარების ფონდი საღანძილესა და ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს. ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დემონტაჟისთვის უკვე მზადაა. ახალი ბაღი ძველი შენობის ადგილზე აიგება. მშენებლობის დასრულებამდე კი ვერტყიჭალის საბავშვო ბაღი ხუნევის ადმინისტრაციულ შენობაში იფუნქციონირებს.

რაც შეეხება საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობას, ამისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მგფ-ს მიწის ფართობი საღანძილის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ გადასცა. თუმცა, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის ასაშენებლად, მიწის ეს ნაკვეთი არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ ხარაგაულის თვითმმართველობამ საღანძილის, ისედაც ავარიული, ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული მიწის მგფ-ისთვის დამატებით გადაცემა გადაწყვიტა.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განცხადებით, აღნიშნული შენობა აუდიტორულმა ფირმამ შეაფასა. შენობის დემონტაჟი, გამონაკლისის სახით (ვინაიდან საჩქაროა), აუქციონის გარეშე მოხდება. ამ მიზნით 2 700 ლარია განსაზღვრული.

ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული მერის წარმომადგენელი და ბიბლიოთეკარი, ახალი შენობის აგებამდე, დაქირავებულ ფართში გააგრძელებენ მუშაობას.

„სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ იმავე ეზოში აიგოს 60 კვმ-მდე ფართის შენობა, სადაც ბიბლიოთეკაც განთავსდება და ადმინისტრაციული ერთულის წარმომადგენელიც იმუშავებს“, – ამბობს ჯაბა ბერაძე.

ფოტოზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი.