ხარაგაულის პედაგოგიურ საზოგადოებას შვიდი ახალბედა მასწავლებელი შეემატა. მათ შორისაა მზია აბულაძე, – მოლითის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა 2013 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გააგრძელა. თავიდან პედაგოგობას არ აპირებდა. თუმცა, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, შეძენილი ცოდნა-გამოცდილების მშობლიური მუნიციპალიტეტის მოზარდებისთვის გაზიარების სურვილი გაუჩნდა.

მზია აბულაძემ უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრებისთანავე მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა ჩააბარა და მაძიებელთა პროგრამაში ჩაერთო. კონკურსის შედეგად კი მოლითის სკოლის მასწავლებელი გახდა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, – ამბობს მზია აბულაძე, – ღირსეულად დაფასდა იმ პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც სკოლას წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და ამასთან ერთად, ახალგაზრდებს სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მისცა. მასწავლებლობის მსურველებს გასაუბრება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩაგვიტარდა. ქუთაისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელი, რომელიც გასაუბრებას წარმართავდა, უპირატესობას, რატომღაც, მაძიებელ მასწავლებლებს ანიჭებდა. თუმცა ისეთი სიტუაციური ამოცანები შემეკითხა, რომელსაც პრაქტიკოსი მასწავლებლის გამოცდილება და მოსწავლეებთან ურთიერთობის ცოდნა სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, გასაუბრებაზე ჩემი შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინე და საკონკურსო კომისიის მოწონება დავიმსახურე. მოსწავლეთა მცირე კონტინგენტს, ამ ეტაპზე, ეფექტურად მუშაობის კარგ შესაძლებლობად აღვიქვამ. მოლითის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში შვიდი, ხოლო მეექვსეში – სამი მოსწავლე სწავლობს“.

მზია მასწავლებელი მიიჩნევს, რომ სკოლაში ძველ ყაიდაზე ჩატარებული გაკვეთილი – „ადექი, გაკვეთილი მომიყევი და ნიშანს დაგიწერ“ – აღარ უნდა იყოს. მისი აზრით, ყველა საგანში, თითოეულ საკითხზე, შესაძლოა, იმდენად მრავალფეროვანი გაკვეთილები ჩატარდეს, რომ საგაკვეთილო 45 წუთი მოსაბეზრებელი არ აღმოჩნდეს.

„მოსწავლეებს, გაცნობისას, საკუთარ ინტერესებზე, მისწრაფებებსა და ჰობზე საუბარი შევთავაზე. მათ ამის შესაძლებლომა მუდმივად უნდა ჰქონდეთ. დავინტერესდი, რამდენად უყვართ მხატვრული ლიტერატურის კითხვა და მათ მიერ წაკითხული წიგნები განვიხილეთ. ჩემმა მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვით უნდა მომმართონ; შევთანხმდით, თუ მაშინვე ვერ ვუპასუხებ, ინფორმაციის მოძიების შემდგომ ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მათ ვუთხარი, რომ ის, რაც არ ვიცი, მათთან ერთად უნდა ვისწავლო.

კარგი გაკვეთილი რომ შედგეს, მასწავლებლის მოტივაცია უმთავრესია. შესასწავლი მასალა იმდენად საფუძვლიანად უნდა განვიხილოთ, რომ თითოეულმა მოსწავლემ გაითავისოს. არ აქვს მნიშვნელობა, კლასში რამდენი მოსწავლეა. არც ერთ მოსწავლეს არ უნდა დარჩეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ვერ გაიგო. ესაა პედაგოგის უპირველესი დანიშნულება.

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დისტანცია საჭიროა. თუმცა მოზარდი ჩარჩოში არ უნდა მოაქციო. მოსწავლეს გაკვეთილზე საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუნდაც ეს აზრი არასწორი იყოს, თავისუფლად უნდა შეეძლოს, – მიიჩნევს ახალბედა მასწავლებელი, – მნიშვნელოვანია, მოსწავლე კლასგარეშე მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად კითხულობდეს. საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში კი მასწავლებელიც უნდა ჩაერთოს. როცა ქართულში რომელიმე ნაწარმოებს ვასწავლი, ვცდილობ პარალელები იმ ეპოქის ან მსგავსი შინაარსის უცხოურ ნაწარმოებებზე გავავლო. ამით ვცდილობ, მოსწავლეები საზღვარგარეთის ლიტერატურით დავაინტერესო და მათი წაკითხვის სურვილი გავუჩინო. თუ გვინდა, რომ მოსწავლემ წიგნის კითხვა შეიყვაროს, პირველ რიგში, მას საკუთარი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურა უნდა შევურჩიოთ. თუ მოზარდი ფეხბურთითაა დაინტერესებული, ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრებაზე შექმნილი ნაწარმოებები უნდა შევთავაზოთ. თუ მოსწავლეს გამომძიებლობა სურს, – დეტექტიური ნაწარმოებები უნდა შევურჩიოთ“, – ამბობს მზია აბულაძე.

ის მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სკოლებში ქართული ენის გრამატიკა ზერელედ ისწავლება. თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრამატიკას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ აბიტურიენტს გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან მომზადება სჭირდება.

„ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ ქართული ენის გრამატიკა იმ სახელმძღვანელოებით, რომლებიც სკოლაში გამოიყენება. მასში გრამატიკაზე თითქმის არაფერი წერია. ამიტომ კლასში დამატებით აკ. შანიძისა და ლ. კვაჭაძის ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოებს ვიყენებ და ვფიქრობ, კარგ შედეგს მივიღებ.

პედაგოგისათვის ყველაზე დიდი ბედნიერება მოსწავლის წარმატებაა. მინდა ყველა მასწავლებელს ეს ბედნიერება ვუსურვო და პროფესიული დღე, 5 ოქტომბერი მივულოცო. განსაკუთრებით ვულოცავ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც, ჩემს მსგავსად, მასწავლებლის სტატუსით სკოლაში წელს პირველად შეაბიჯეს“.

მიზანდასახულმა და აქტიურმა მზია მასწავლებელმა მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამის გავლასა და სტატუსის ამაღლებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. მომავალში ფილოლოგიის მიმართულებით სადოქტორო კურსის გავლას და სტატუსის ამაღლებას აპირებს. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებთ მას.

თამთა გოგოლაძე