ხარაგაულში სასკოლო სპორტის ბერმუხას, მარლენ გრიგალაშვილს სასაუბროდ შინ ვესტუმრეთ. ჭიშკართან ფეხბურთის ფედერაციისგან ნაჩუქარ მაისურში გამოწყობილი, ხელში ბურთითა და სასტვენით შემოგვეგება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საშუალო სკოლაში მუშაობა 1962 წელს დაიწყო. თუმცა როცა ეკითხებიან, სკოლაში რამდენი წელი გაატარა, ამბობს, რომ დაბადებიდან იქაა.
– მამა, ომი რომ დაიწყო, გაიწვიეს. მე რამდენიმე თვეში დავიბადე, – გვიამბობს ბატონი მარლენი, – მამა შინ აღარ დაბრუნებულა. დედა, რიმა კურტანიძე, ხევის საშუალო სკოლაში დაწყებით კლასებს ასწავლიდა. ყოველდღე სკოლაში მივყავდი. გაკვეთილების დამთავრებამდე იქვე მახლობლად ოჯახში მტოვებდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისში ავტომშენებელის პროფესიას დაეუფლა. 1962 წლიდან ხევის საშუალო სკოლაში ქიმია-ფიზიკის ლაბორანტად, ხოლო 1979 წლიდან დღემდე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლად მუშაობდა. მისი აღზრდილი სპორტსმენები, ხევის სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკურ შეჯიბრებებში წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდნენ.
-ბატონო მარლენ, ფიზიკური აღზრდა და სპორტი თქვენ სკოლაში ერთ-ერთ წამყვან დისციპლინად აქციეთ. როგორ მოახერხეთ ეს?
-სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია, რადგან მიზანსწრაფულობას მოითხოვს, კრეატიულია, მუდმივად განახლებადი; სულიერად გამაღლებს, შედეგზეა ორიენტირებული. სკოლაში ყოველ წელს მოსწავლეთა ახალი ნაკადი მოდის. ახლადშექმნილი გუნდებისთვის განსხვავებული იდეები იბადება. სპორტსა და ბავშვებთან ურთიერთობაში დავინახე ჩემი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა. ამბიციური ვარ და ხარაგაულში შეჯიბრებებზე მუდმივად მეუბნებოდნენ, შენ სულ პირველი ადგილი გინდა, სხვა პოზიცია არ მაინტერესებსო. ასეც არის!
-ადამიანის ცხოვრებაში სპორტი რატომ არის მნიშვნელოვანი?
-ჯანსაღი ცხოვრება სიცოცხლის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს, სულს ამაღლებს და აძლიერებს. სპორტის შესაძლებლობები ამოუწურავია და ფანტაზია, ძიება, განვითარება, გამოგონება ახლავს თან. მნიშვნელოვანია, ბავშვებთან მუშაობას როგორ მიუდგები.
-მოსწავლეებთან მუშაობისას სიმკაცრეს იჩენდით?
-დისციპლინისთვის ზომიერი სიმკაცრე საჭიროა. ამის გარეშე სპორტში შედეგი არ მიიღწევა.
-ვარჯიშში ყველა მოსწავლეს ერთნაირად რთავდით?
-მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა ჩამერთო. სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესია და როგორ შეიძლება, უღალატო ან უგულვებელყო. შეჯიბრებებზე შიდა სასკოლო პირველობებში გამარჯვებულები მიმყავდა. გამორჩეული სპორტული შესაძლებლობების მოსწავლეებისთვის ადრე სპორტულ წრეებს ვქმნიდით. ფიზკულტურის მასწავლებლებს ამისთვის დამატებით გვინაზღაურებდნენ.
-ათეული წლების განმავლობაში თქვენი მოსწავლეები რესპუბლიკურ ოლიმპიადებში იმარჯვებდნენ. ნორჩ ტურისტთა რესპუბლიკურ სადგურთან თანამშრომლობდით.
-ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელ ნატო გელაშვილთან ერთად მოსწავლეები გვერდისუბნის ტურისტულ ბანაკში ჩავრთეთ. იქედან დაიწყო ხევის სკოლის მოსწავლეთა აღმასვლა და წარმატებები რესპუბლიკურ ტურისტულ პირველობებში. ყოველწლიურად ვმონაწილეობდით. რაიონულ შეჯიბრებებზე ჩვენი გუნდი ხომ ერთადერთი იყო და იმერეთის რეგიონშიც ვიმარჯვებდით. საკმაოდ საინტერესო აქტივობები იყო – წინაღობების გადალახვა, კომპასით ორიენტირება, კარვების გაშლა.
80-იან წლებში გუჯარეთიდან ატენის ხეობით გორში გადავედით და საქართველოს ჩემპიონები გავხდით. რუსეთში საკავშირო ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავით. თუმცა ჩვენს ნაცვლად მეორე ადგილზე გასული გორის რუსულენოვანი სკოლის გუნდი გააგზავნეს, რადგან გუნდის წევრ მოსწავლეებს რუსული ენის კარგად ცოდნა მოეთხოვებოდათ.
ნორჩ ტურისტთა რესპუბლიკურ სადგურთან 70-იანი წლებიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე ვთანამშრომლობდით. მაღალი შედეგების გამო რამდენჯერმე მოსწავლეთა ტურისტული მატარებლით უკრაინაში ვიმოგზაურეთ. ბოლოს აფხაზეთში, გუმისმთაზე ვიყავით. იქ გაიმართა ბოლო ტურისტული შეკრების ფინალი. მას შემდეგ ტურისტული ბანაკები შეწყდა.
– ბატონო მარლენ, სპორტის რომელ სახეობას ანიჭებთ უპირატესობას?
– ფრენბურთი კარგი თამაშია, მაგრამ რაიონში მოწინააღმდეგე არ არის, რადგან ჩვენი სკოლის გარდა, ფრენბურთელთა გუნდი სხვას არ ჰყავს.
სკოლაში ფიზიკური აღზრდა რომ გააუქმეს და სპორტის გაკვეთილები უწოდეს, სპორტის სამი სახეობის არჩევა შემოგვთავაზეს. ჩვენ მძლეოსნობა, კალათბურთი და ფრენბურთი ავირჩიეთ.
– მძლეოსნობაში მრავალი ჩემპიონი აღზარდეთ.
– დიახ, გოჩა დვალიშვილი, ნათია გრიგალაშვილი, ნანა გელაშვილი, ონისე ხაჩიძე, გელა გრიგალაშვილი რესპუბლიკის ჩემპიონები გახდნენ.
დღეს მძლეოსნობა საკმაოდ დაქვეითდა. წელიწადში ორჯერ ვმონაწილეობდით რესპუბლიკურ შეჯიბრებებში და უკვე რამდენი წელია, სპორტის ამ სახეობაში პირველობა აღარ ტარდება.
– თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
– სასკოლო სპორტს ერთი პატრონი არ ჰყავს. მრავალ უწყებას ეკუთვნის და საქმე ასე არ გამოდის. სკოლას მოსწავლეების სპორტულ შეჯიბრებებზე ტრანსპორტირებისთვის ფინანსები არ გააჩნია. ბავშვი რომ შეჯიბრზე მიგყავს, სკოლა და სოფელი უნდა ასახელოს. მას კიდევ თანხა უნდა გადაახდევინო?! რაღაც არ ჯდება ლოგიკაში. პირიქით, მოსწავლე სპორტსმენი უნდა წაახალისო. ამის გარეშე დღეს უკვე ძნელია. ადრე სიგელს მოგცემდნენ, – გვესახელებოდა, გვიხაროდა და ეს საკმარისი იყო. ადრე ხარაგაულში რომ სპორტულ შეჯიბრებებზე მოვდიოდით, ბავშვებისთვის კვების ტალონებს გვაძლევდნენ და მგზავრობის ღირებულებას გვინაზღაურებდნენ. სირცხვილია, იმ წყობას როგორ რომ შეენატრო ადამიანი?! თუმცა, ფაქტია, რომ სასკოლო სპორტს განვითარებისთვის ფინანსები სჭირდება. დღევანდელი ბავშვები კომპიუტერსა და ტელეფონებზე გადაერთვნენ და სპორტში მათ ჩასართავად მეტი ძალისხმევაა საჭირო.
შარშან რაიონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაიონულ ტურში ექვსი სახეობიდან სამში ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არსად დაფიქსირებულა და არც არავის აღუნიშნავს. რეგიონალურ შეჯიბრებაზე, ქუთაისში, მძლეოსნობის მორბენლები თანხის უქონლობის გამო ვერ წავიყვანეთ.
ჩვენგან დაფუძნებული ყოველწლიური სპორტული შეჯიბრების „გაზაფხულის მერცხლები“ გამარჯვებულებისთვის პრიზების შესაძენად თითო-თითო ლარს მონაწილე გუნდების წევრებისგან (6 ლარი თითო გუნდიდან) ვკრეფდით.
მერე საპრიზო ფონდის 200 ლარამდე გაზრდა გადავწყვიტე და სპორტსკოლას მივმართე. პრიზები გამგეობის სპორტის სამსახურმა შეგვიძინა. ასე ვწვალობდი და ვმათხოვრობდი.
სკოლას ზამთარში ცეცხლფარეშის ასაყვანად თანხა არ აქვს. ცენტრალური გათბობის სისტემა საცდელად რომ აანთეს, ვიფიქრე, – ამოვისუნთქე, სამოთხეში ვარ. მას მერე სპორტული დარბაზი აღარ გამთბარა. საკლასო ოთახებში ღუმელები ბოლავს. გაყინულ სპორტულ დარბაზში ბავშვს რა და როგორ გინდა მოთხოვო?! მაინც მომყვებოდნენ და ეს მათგან გმირობის ტოლფასია.
ზოგადად, დღევანდელი ბავშვები საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვენ და ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას შედარებით ნაკლებად გრძნობენ.
ჩემი აზრით, სპორტი სკოლაში სავალდებულო არ უნდა იყოს, რადგან ყველანაირი იძულების წინააღმდეგი ვარ. არ უნდა? – ნუ უნდა. მშობელმა იზრუნოს, იფიქროს და იმოქმედოს, ჯანსაღი შვილი რომ ჰყავდეს. მხოლოდ მასწავლებელი ცოდვაა. სპორტის მასწავლებლობა საკმაოდ რთული და ძალიან საპასუხისმგებლოა. ახლა, სკოლიდან რომ წამოვედი, ეგ მანუგეშებს, რომ დიდი ტვირთი მომეხსნა. ამით ვნუგეშობ, თორემ… 40 წლის ნალოლიავები ინფრასტრუქტურა დავტოვე. ჩემი ნაწვალებია ყველაფერი, – საკუთარი იდეით შექმნილი და აწყობილი სპორტული ინვენტარი. დიდი რაოდენობით ცარცი მეხარჯებოდა და შეჯიბრებებისთვის ტაბლო წითელი და ლურჯი ციფრებით თავად შევქმენი. ღამით ვფიქრობდი, მოსწავლეთა დასაინტერესებლად რა სიახლე შემეთავაზებინა, როგორი სპორტული შეჯიბრება.
მუშაობას ბავშვთა კონტინგენტის შემცირებაც ართულებს. ხუთი მოთამაშე ხომ უნდა კალათბურთს, კლასში ხუთი ვაჟი არ არის. ხევის საშუალო სკოლაში 450 მოსწავლე სწავლობდა, მე რომ დაამთავრე, პარალელური კლასები იყო. ახლა 110 მოსწავლეა, ათ მოსწავლეზე მეტი არ არის კლასში.
– სკოლიდან ჯილდოთი წამოხვედით…
– ჯილდო რატომ დაარქვეს, თვალებში ნაცრის შეყრაა. გამოცდილი მასწავლებელი გამოცდებს არ უნდა აბარებდეს. მასწავლებლების რეიტინგი ყოველწლიურად შედეგების მიხედვით უნდა ფასდებოდეს. ეს დიდი პრობლემა არ არის. სპორტის მასწავლებლის შედეგების დათვლას რა უნდა?! როგორი წარმატებები გვქონდა რესპუბლიკურ პირველობაზე, ეს არავის აინტერესებს.
…უბრალოდ, რამდენს ვწვალობდი,.. მძღოლი უნდა შეგეწუხებინა, – გცალია? ხარაგაულში წაგვიყვან? რა ფასად?.. კარგი, რააა.
მარლენ გრიგალაშვილი გრიგალათში სიყვარულით შერთულ მეუღლესთან, ქალბატონ ნუნუსთან ერთად ცხოვრობს. სამი ვაჟი აღზარდეს და ჯერჯერობით, ორ შვილიშვილს – 13 წლის მარიამსა და 10 წლის მათეს შეჰხარიან.
ბატონი მარლენი შვილიშვილების თაობას გამთლიანებულ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას, სასახელო მამულიშვილობასა და ჯანსაღი წესით ცხოვრებას უსურვებს:
– სასახელო მამულიშვილები გვჭირდება; განათლებული, კრეატიული, ძლიერი ადამიანები; სპორტის მიმდევრები, რადგან სპორტი სულსა და სხეულს აჯანსაღებს. კარგი სპორტსმენი კარგი ადამიანია. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი