რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი, საინჟინრო თვალსაზრისით, ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია. ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამობილიზაციო სამუშაოების 75%-ზე მეტი დასრულებულია და დარჩენილი რესურსების მობილიზება ხდება. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 20 გვირაბიდან 7 გვირაბზე მიმდინარეობს და 35 ხიდიდან – 11 ხიდზე.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოები 6 გვირაბზე და 5 ხიდზე ხორციელდება, ამასთანავე გრძელდება მიწის და სხვა ტიპის სამუშაოები.

რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება ხდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

წყარო