ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის მოვალეობას 19 აგვისტოდან სოსო ფოფხაძე ასრულებს. როგორ შევიძინოთ საშეშე მერქანი, რა სიახლეებია სამასალე მერქნის მოპოვების კუთხით, – ამ საკითხებზე სატყეო უბნის ახალ ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
-მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში ტყეკაფების გამოყოფა აქტიურად მიმდინარეობს, – ამბობს სოსო ფოფხაძე, – უკვე გახსნილია წიფის, მოლითისა და ვარძიის სატყეო უბნების ტყეკაფები. ეს იმას ნიშნავს, რომ საშეშე მერქნის მოპოვება არა მარტო ამ სამი სოფლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც შეუძლია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 23 სკოლა, 17 საბავშვო ბაღიდან 16 საბავშვო ბაღი და რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია ზამთრისთვის შეშით სატყეო მეურნეობამ უნდა მოამარაგოს. 13 სკოლაში შეშა უკვე მივიტანეთ. ამ სკოლებზე 500 კბმ საშეშე მერქანი ავტობანის მშენებლობის არეალში მოჭრილი ტყეკაფებიდან გავეცით. მომავალი კვირიდან შეშის შეტანას დარჩენილ 10 სკოლასა და საბავშვო ბაღებში ეტაპობრივად დავიწყებთ. საბავშვო ბაღებისთვის 250 კბმ საშეშე მერქანი გვჭირდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გვაწოდებს მერქანს, რომელსაც ჩვენი მეტყევეები ახარისხებენ.
შეშის შესაძენად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და მერიამ მოგვმართა. 60 კბმ შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე უნდა გაიცეს, 60 კბმ შეშა – საბიუჯეტო ორგანიზაციებზე (კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სამუსიკო სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი). სავარუდოდ, მომავალი კვირიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც დავიწყებთ.
მოქალაქემ საშეშე მერქნის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს ტყის მცველს, რომელიც მის უბანს ემსახურება. ტყის მცველი მას ტყეკაფის ნომერს მისცემს. ამის შემდეგ მოქალაქე ბანკში გადაიხდის თანხას და შესაბამის ქვითარს წარუდგენს ტყის მცველს, რომელიც მას შეშის ტრანსპორტირების უფლების დოკუმენტს მისცემს.
საშეშე მერქნის ღირებულება არ შეცვლილა – ერთი კბმ რცხილა და წიფელა 6 ლარი ღირს, მურყანი – ხუთი ლარი. ერთ ოჯახს 7 კბმ საშეშე მერქანის მოპოვების უფლება აქვს, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს – 15 კბმ შეშის.
რაც შეეხება სამასალე მერქანს, მისი შეძენა, ჯერჯერობით, როგორც ინდმეწარმეს, ისე მოქალაქეს, მხოლოდ აუქციონით შეუძლია. სამასალე მერქანი სოფელ ხევში დასაწყობდება მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოგვაწოდებს.
ხარაგაულის სატყეო უბანს რვა ტყის მცველი ემსახურება. ყოველ სამშაბათს ხარაგაულში სატყეო მეურნეობის ოფისში ვიკრიბებით და მოქალაქეებს აქაც შეუძლიათ მოგვაკითხონ. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ტყის მცველებთან ითანამშრომლონ და საშეშე მერქანი კანონიერად მოიპოვონ. უკანონოდ სამასალე ხე-ტყისა და საშეშე მერქნის მოპოვებაზე სანქციები მკაცრია. შეშის გარეშე ხარაგაულში მცხოვრებ არც ერთ მოსახლეს არ დავტოვებთ.
ნინო კაპანაძე
გთავაზობთ ხარაგაულში მოქმედი სატყეო უბნების ტყის მცველთა ტელეფონის ნომრებს.
რიკოთხევის სატყეო უბანი – ნუგზარ გელაშვილი – 595 000 696; ერასტი ღამბაშიძე – 595 000 362;
წიფის სატყეო უბანი – გიორგი რიკაძე – 595 000 683;
საქასრიის სატყეო უბანი – ზვიად ლომიძე – 555 33 09 42;
ბორითის სატყეო უბანი – პაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64;
ვარძიის სატყეო უბანი – კახაბერ ხიჯაკაძე – 599 89 88 47;
ზვარეს სატყეო უბანი – მურმან ფერაძე – 593 47 59 40.
მოლითის სატყეო უბანი – მერაბ ტალახაძე – 595 600 434.
ფოტოზე: ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქესთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი