21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი მამა თომა (ლაცაბიძე), ოთხ თვეზე მეტია, ხარაგაულის ეკლესიას ემსახურება.
რატომ გადაწყვიტა სასულიერი პირი გამხდარიყო, როგორია ხარაგაულელი მრევლის სულიერი მდგომარეობა, რა სირთულეებია სასულიერო პირების წინაშე, – ამ და სხვა საკითხებზე მამა თომა გვესაუბრება.
იგი ხარაგაულში 1983 წელს დაიბადა. მოლითის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ კი საქმიანობა სხვადასხვა მონასტერში გააგრძელა. ჰყავს მეუღლე ნატო კოკაია და ორი შვილი.
– მამაო, როგორ და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, სასულიერო პირი გამხდარიყავით?
-2006 წლიდან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება ნებოძირის წმინდა გიორგის ტაძარში. დეკანოზ მირიანის (რამიშვილი) ლოცვა-კურთხევით მედავითნეობა შევისწავლე და ამავე ტაძრის მედავითნე ვიყავი.
რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა მონასტერში ვიმყოფებოდი, ვფიქრობდი ბერობაზე, თუმცა ღმერთმა ინება და დავოჯახდი.
მეუფის ლოცვა-კურთხევით ხარაგაულში რომ აღდგომის მსახურება ჩავატარე, წარმოვიდგინე, რა კარგი იქნებოდა, რომ ჩხერიმელას ხეობაში არსებულ ყველა ტაძარში მსახურება ტარდებოდეს, ყველა ტაძრიდან ზარი ირეკებოდეს. დღეს სოფლად ზარები დადუმებულია. სოფლები დაბერდა და დაიცალა. მოხუცი რომ გარდაიცვლება, სახლი იკეტება. ამას ყურადღება სჭირდება, როგორც სასულიერო, ისე საერო საზოგადოებისგან.
ეკლესიური ცხოვრების დაწყებისას არ ვფიქრობდი, რომ მღვდელმსახური გავხდებოდი. ამის სურვილი მონასტერში გამიჩნდა. მღვდლობა მეტი შესაძლებლობაა, უფალს, ხალხს და ჩემს ქვეყანას ვემსახურო. თუმცა ამასთან ერთად დიდი პატივია. მეშინოდა, როგორც გრიგოლ ხანძთელი იტყვის, „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. „დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი“, ჩვენ ვერ შევიცნობთ ღვთის განგებულობას.
ჩემს სულიერ გზაზე დაყენებაში დიდი წვლილი მამა მირიანს მიუძღვის. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკისადმი (ხაჩიძე), მისი ხელდასხმული ვარ. მან დაინახა ჩემში, რომ სასულიერო პირი უნდა გავმხდარიყავი. ის თავისი თითოეული ნაბიჯითა და ქმედებით გვასწავლის, როგორი უნდა იყოს სასულიერი პირი.
-თქვენი ოჯახის წევრები ეკლესიურები იყვნენ? როგორ შეხვდნენ თქვენს ამ გადაწყვეტილებას?
-მე რომ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, ტაძარში სიარული, მოგვიანებით, ჩემი ოჯახის წევრებმაც დაიწყეს. მხოლოდ ერთი და მყავს. მშობლებს არ უნდოდათ, რომ ერთადერთი ვაჟი ბერი გამხდარიყო. მონასტერში გამუდმებით ვთხოვდი უფალს, ეჩვენებინა ჩემთვის გზა – გამეგრძელებია მონასტერში ცხოვრება თუ დავრჩენილიყავი ერში.
– როგორია, ზოგადად, ხარაგაულელი მრევლის სულიერი მდგომარეობა?
-მადლობა უფალს და მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე მელქისედეკს, რომ სწორედ იქ მიწევს საქმიანობა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სურვილი იყო ამ ეპარქიაში მემსახურა, განსაკუთრებით ჩემს მხარეში. თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხარაგაულში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ტაძარი არ იყო, ახლადაგებულ ტაძარში პირველი მღვდელმსახური ვიქნებოდი.
ხარაგაულში განათლებული და კულტურული საზოგადოებაა. არ არის იოლი ასეთ ადამიანებთან მოძღვრად ყოფნა, ამიტომ აქ გადმოსვლამდე ვნერვიულობდი.
მამა ანტონი (სულთანიშვილი) და ყველა მღვდელმსახური, ვინც ხარაგაულში ჩემს მოსვლამდე მოღვაწეობდა, განსაკუთრებულად ზრუნავდნენ მრევლზე. ხარაგაულელები საეკლესიო ცხოვრებაში კარგად გათვითცნობიერებული მრევლია. თუმცა ადამიანები ყოველთვის უნდა ვისწრაფოდეთ განვითარებისკენ. არასოდეს უნდა გავჩერდეთ ერთ ადგილზე. პირიქით, გზა უნდა გავაგრძელოთ. ვერ ვიტყვი, რომ ხარაგაულელი მრევლისთვის, ჩემამდე მოღვაწე მოძღვრებზე მეტს გავაკეთებ, მაგრამ მათ ნამუშაკარს შევინარჩუნებ.
-დღეს ადამიანებში ყველაზე მეტად რომელი ცოდვა მძლავრობს?
– ადამიანებში ბევრი ცოდვა მძლავრობს, ეს პიროვნულია, მაგრამ საეკლესიო მოძღვრებაში პირველი ცოდვა ამპარტავნებაა. მას უამრავი გამოვლინება აქვს. შეიძლება ამპარტავნების ცოდვით დამძიმებულმა ადამიანმა მკვლელობა, მრუშობა და სხვა უამრავი ცოდვა ჩაიდინოს. მოძღვარი სხვის ცოდვებზე ვერ ისაუბრებს, ღვთის წინაშე დანაშაული პიროვნებამ უნდა შეიცნოს და უნდა გაიგოს, რომელი ცოდვა მძლავრობს მასში.
– ბოლო პერიოდში შესამჩნევია, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცივდა, თითქოს სიყვარული და თანადგომა დაიკარგა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? როგორ შეიძლება, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ თანადგომის, სიყვარულისა და ერთიანობის განცდა დავიბრუნოთ?
– დიახ, საზოგადოებაში უფრო მეტად სიყვარულის ნაკლებობაა. ეს იმიტომ, რომ ღმერთისადმი სიყვარული არ გვაქვს. როცა უფალი გიყვარს, მაშინ ყველა და ყველაფერი გიყვარს. უფლის სიყვარული საქმით უნდა გამოჩნდეს. მოთმენის უნარი არ გაგვაჩნია, პატიება გვიჭირს. ზიზღისა და განკითხვის ენით ვსაუბრობთ. ეს ყოველივე ღვთის მადლს გვაშორებს. თუ გვინდა ღვთის მადლი მოვიხვეჭოთ, აუცილებლად სახარების, ღვთის სიტყვებით უნდა ვიცხოვროთ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ უფალი გვეუბნება: „შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის, ითხოვეთ და ყოველივე მოგეცემათ“. ოღონდ რწმენით უნდა ვითხოვოთ. თუ გწამს, შენი სარწმუნოებისამებრ მოგეგება შენ.
– ადამიანების გარკვეული ნაწილი დეპრესიას, იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას განიცდის. რა არის ამის წამალი?
– ჩემი აზრით, როცა ადამიანები სასოწარკვეთილებაში იმყოფებიან, ეს რწმენის ნაკლებობაა. ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ მე ამას გავაკეთებ, ამას გადავლახავ. მაგრამ შემდეგ ვერ ასრულებენ და უიმედობაში ვარდებიან. იმისათვის, რომ სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, მოძღვართან ურთიერთობაა საჭირო. თუ მოძღვარი არ გეყოლება, უნდა გვყავდეს მეგობარი, რომელიც სწორ რჩევას მოგცემს.
უიმედობა ღვთის სასოების ნაკლებობაა. როგორც ადამიანს სჭირდება საკვები, რომ ფიზიკურად იარსებოს, არ დასუსტდეს, ასევე სჭირდება სულიერი საზრდო – ღვთის მადლთან თანაზიარება.
პავლე მოციქული ამბობს: „ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ისე აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ქრისტიანობა სწორედ ესაა, – ერთმანეთის ტკივილი და სიხარული გავიზიაროთ. ჩვენ, საკუთარ ნაჭუჭში ვართ მოქცეულნი. თუ ადრე ადამიანი მოყვასზე ფიქრობდა და სანთელს ჰგავდა, თვითონ იწვოდა და სხვას გზას უნათებდა, დღეს მხოლოდ ჩამქვრალ სანთელს ჰგავს, – არც თვითონ ანათებს და გზას არც სხვას უნათებს.
– რას ურჩევთ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში?
– შვილები დამოუკიდებლობას უნდა მიაჩვიო. ადამიანისთვის თავისუფლება აუცილებელია. მაგრამ ამასთან ერთად ბავშვს უნდა ასწავლო, რა არის სწორი და რა – არასწორი. მშობლებმა შვილებს ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა ვუჩვენოთ.
მშობლებს მხოლოდ შვილები მოჰყავთ საზიარებლად, აუცილებლად თვითონაც უნდა ეზიარებოდნენ. ბავშვი ამჩნევს, რომ დედა და მამა არ ეზიარება. აუცილებლად დაებადება კითხვა, თუ ზიარება კარგია, რატომ თვითონ არ ეზიარება? თუ გვინდა, რომ შვილები კარგები იყვნენ, ჩვენც აუცილებლად კარგები უნდა ვიყოთ.
– სასულიერო პირების წინაშე რა სირთულებია? უთუოდ, თქვენც გექნებათ გარკვეული წინაღობები.
– სასულიერიო პირის ცხოვრებას, რა თქმა უნდა, თან ახლავს დაპირისპირება, ცილისწამება, ზოგი მართებულად, ზოგი – არა. ჯერ ისტორიას არ ახსოვს ისეთი სასულიერო პირი, რომელზეც ცუდი არ ეთქვათ, არ განეკითხოთ. პირველი მღვდელმთავარი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ადამიანებმა ჯვარზე გავაკარით. მაცხოვარი თვითონ გვეუბნება, „მე თუ მდევნენ, თქვენც გდევნიან, მე თუ შემიწყნარეს – თქვენც შეგიწყნარებენ“. ეს მხოლოდ სასულიერო პირებზე არ ვრცელდება. ეს ზოგადად ქრისტიანებს ეხება. ადამიანი ქრისტიანულ ცხოვრებას რომ იწყებს, გოლგოთისა და ჯვარცმისთვის მზად უნდა იყოს. ამის გარეშე აღდგომა და ამაღლება არ ხდება.
ჩვენი ცხოვრება „ია-ვარდით მოფენილი“ არაა. თუმცა პრობლემებს ღვთის შეწევნით ვძლევთ. განსაცდელის გარეშე ადამიანი ვერ გამოიცდები. გასაოცარი სიტყვაა განსაცდელი. გამოსაცდელს როგორც ჩააბარებ, როგორც გადალახავ, ისეთი იქნები ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა ცხოვრებაშიც არის უძილო ღამეები, გაბრაზება, ღიმილი, ადამიანური გრძნობები, ჩვენც ადამიანები ვართ.
– 21 სექტემბერი ღვთისმშობლობაა, ღვთისმშობელი ქართველთა ყველაზე დიდი მეოხია უფლის წინაშე. როგორ მიმართავთ ხარაგაულელებს ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით?
-ქართველებს გვჩვევია გამოთქმა, რომ ჩვენ ყველაზე გამორჩეულები ვართ, ეს არასწორია. სამყარო უფლის შექმნილია, ამიტომ იგი ყველა ერის მფარველია.
უფლის კვართზე წილისყრა რომ გაიმართა, ის არა ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხვდათ წილად, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უდიდესი მადლი სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა, როგორც აბრაამი იყო ყოველთვის მზად სტუმრისათვის და მას ერთ დღეს უფალი ესტუმრა, ასევე გვესტუმრა ჩვენც ღვთის კვართი და თავად უფალი. ამიტომაც გავხდით ღვთისმშობლის წილხვდომილი ერი. თითოეულ ქართველს ამ დიდი პატივით უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ვულოცავ მთლიანად საქართველოს და მთელ კაცობრიობას. ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას მარგვეთისა და უბისის ეპიკოპოსს მეუფე მელქისედეკს. ეს დღე ქრისტიანობის საწყისია. იშვა ის, ვინაც შემდეგ უნდა იტვირთოს მაცხოვარი, სიტყვა ღვთისა, კაცობრიობის ცოდვების მტვირთველი და განმწმენდელი.
დიდი სიყვარულით, კრძალვითა და მოწიწებით ვულოცავ ხარაგაულელებს. ჩვენს მხარეს დედა ღვთისმშობელი ფარავდეს. შევთხოვ ღვთისმშობელს, ღვთისადმი სიყვარულით აღსავსე გული გვქონდეს და შემდეგ წელს ღვთისმშობლობა ერთიან საქართველოში გვეზეიმოს.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი