ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „მწვანე სამყარო“ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ტალახაძე „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსების ციკლს.

ყოველი წლის 21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კონკურსების ციკლი სწორედ მშვიდობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

20 სექტემბერს, სასურველია, დიდი დასუფთავების აქცია მოეწყოს ან „მშვიდობის ხე“ დაირგოს. შესაძლებელია გაშენდეს მშვიდობის ხეივანიც. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ აქციას შეუერთდეთ. ყურადღებით გაეცანით საკონკურსო დებულებას და შემოუერთდით მშვიდობის საერთაშორისო აქციას.

მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის დებულება

1.ზოგადი დებულება:

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო და კერძო სკოლებში მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსების ჩატარების წესსა და პირობებს, გამარჯვებულთა დაჯილდოებასა და ერთობლივი, შემაჯამებელი ღონისძიების გამართვას.

2.კონკურსის მიზანი

  • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მშვიდობის დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ.
  • მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მრავალფეროვანი აქტივობებით.
  • კონკურსანტთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და წახალისება.
  • გამჭვირვალე შეფასების სისტემით ნიჭიერი მოსწავლისა და აქტიური სკოლის გამოვლენა.
  • მშვიდობის დღის აღნიშვნის ტრადიციად დამკვიდრება.

3. კონკურსის სამიზნე აუდიტორია

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ჩართული საჯარო და კერძო სკოლები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ეკო კლუბები (მთელი საქართველოდან)/ ხარაგაულის ყველა საჯარო და კერძო სკოლა, ნებისმიერი კლასისა და ასაკის მოსწავლე.

  1. კონკურსის სახეობა

საკონკურსო თემისა და კონკურსების სახეობების სლოგანია – „ჩემი თვალით დანახული მშვიდობა.

1.ნახატების კონკურსი-გამოვლინდება სამი გამარჯვებული ნახატი (ნახატს უნდა ახლდეს ტექსტი რამდენიმე წინადადებით, რომელშიც დეტალურად იქნება ახსნილი პატარა მხატვრის ჩანაფიქრი);

2.ესსეების კონკურსი – ესსეში სიტყვათა რაოდენობა განსაზღვრულია 200-დან 500-მდე. გამოვლინდება სამი გამარჯვებული ესსე.

3.ფოტო კონკურსი – გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო (ფოტოს უნდა ახლდეს ტექსტი რამდენიმე წინადადებით, რომელშიც დეტალურად იქნება ახსნილი ფოტოგრაფის ჩანაფიქრი).

4.სლოგანების კონკურსი – გამოვლინდება სამი გამარჯვებული სლოგანი.

5.სამწუთიანი ვიდეო-ფილმების კონკურსი – გამოვლინდება სამი გამარჯვებული ვიდეო.

6.მხატვრული ნაწარმოებების ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი კონკურსი – გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

7.პოსტერების კონკურსი თემაზე „ჩემი მესიჯი მსოფლიოს“- გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

5.კონკურსის ორგანიზება და ჩატარების პირობები

  • კონკურსის ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა ტალახაძე.
  • მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო მასალა უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულად ფოსტაზე teatalaxadze@gmail.com ნაშრომს თან უნდა ახლდეს სკოლის სრული დასახელება, მონაწილის სახელი, გვარი, კლასი, აგრეთვე ტელეფონის ნომერი, შემდგომ საკონტაქტოდ.
  • საკონკურსო ნამუშევარი უნდა ასახავდეს მონაწილის ინდივიდუალურ ხედვას. შესაძლებელია ინტერნეტ რესურსების გამოყენება წყაროს მითითებითა და საავტორო უფლებების მკაცრი დაცვით.
  • კონკურსის თითოეულ სახეობაში გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალურად შერჩეული ჟიურის დახმარებით.
  • კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ 20 კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.

6.კონკურსის ჩატარების ეტაპები

  1. საკონკურსო დებულების გავრცელება სოციალური ქსელით, ადგილობრივი მედიის საშუალებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით 1-30 აგვისტოს ჩათვლით.
  2. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ვადა – 1-25 სექტემბერი.
  3. გამარჯვებულების გამოვლენა – 26-29 სექტემბერი.

კონკურსში გამარჯვებულები სიგელებითა და წამახალისებელი მწვანე საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.