შეხვედრამ, „სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება – არსებული სიტუაცია და პერსპექტივები“ მუშაობა დაიწყო.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერი დომინიკა სკუბიდა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა სალამაძე.

„დიდი მადლობა მობრძანებისა და ინტერესისთვის. მადლობა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც შეგვაძლებინეს ამ თემებზე მუშაობა – ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, კონრად ადენაუერის ფონდსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, რომლის მხარდაჭერა, თავად კვლევების განხორციელებისას, როგორც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“, ისე – „მწვანე კავკასიისთვის“, მეტად მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა ნინა ხატისკაცმა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი სექტორის მდგრადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის. ამ მხრივ, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისათვის, მათი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია და სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის დახვეწა“, – განაცხადა დომენიკა სკუბიდამ.

„ძალიან რთულია მისასალმებელ სიტყვაში ჩაატიო ყველაფერი, რაც ამ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების თაობაზე შეიძლება ითქვას. დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ქვეყანაში არაერთგვაროვანია და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს განუხორციელებელია, ნაწილი კი, მას მხარს უჭერს. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მივეკუთვნებთ იმ მხარეს, რომელიც სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მომხრეა. ამას ამ მიმართულებით ჩვენი 12-წლიანი საქმიანობა და მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, ის, რომ ეს მნიშვნელობანი საკითხია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობისთვის, – აღნიშნა ვაჟა სალამაძემ.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებენ ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.