ქუჩების დასუფთავებას, კანალიზაციის სისტემის მოწყობასა და ჩიხების მობეტონებას დაბა ხარაგაულის მოსახლეობა, წლებია, ითხოვს.

2019 წლის ივნისიდან ხარაგაულში მწვავედ დგას წყალმომარაგების პრობლემა. 7 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო ლეღვან-ხარაგაულის წყალსადენი დაზიანდა – სამ კილომეტრამდე სიგრძის მილი წყალმა წაიღო.

„მხოლოდ ჩემი უბნის პრობლემებზე არ მოგახსენებთ იმიტომ, რომ ხარაგაული ჩემთვის ერთ დიდ უბნად აღიქმება, იმდენად პატარა და ყველასია, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები მარინე ხვედელიძე, – ორ საკითხს გამოვყოფ. პირველი, – ეს არის წყალმომარაგების პრობლემა. წყალი გრაფიკით მოგვეწოდება და ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის.

სკოლის მაგალითზე გეტყვით – წყალი როცა მოდის, დამლაგებლები და სკოლაში დასაქმებული პირები სამსახურში აღარ ვიმყოფებით. შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა, როცა დამლაგებლებს გვიან ღამით მუშაობას ვთხოვთ. ავზს ვავსებთ, მაგრამ არ გვყოფნის. სასწავლო პროცესი განახლდება და უფრო მეტი წყალი დაგვჭირდება. წყლის მოწოდების გრაფიკს გონივრული შესწავლა და გადახედვა სჭირდება.

ხარაგაულში საუკუნის პროექტი ხორციელდება – ძირულა-ჩუმათელეთის გზა კეთდება და ეს მისასალმებელია. ქუჩები სისტემატურად ირწყვება, მაგრამ დაუგველია და მტვერი ტალახდება. ხარაგაულის #3 სკოლის წინ მთელი ზაფხული დიდი გუბე იდგა. ქუჩები კარგად უნდა დასუფთავდეს და ისე მოირწყას, ან იმ წყალს გზა უნდა მიეცეს.

ხარაგაულში ბევრი რამ კეთდება, მაგალითად სკვერები და იმედია, მომავალ ზაფხულს სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა გალამაზებულ ხარაგაულში შევხდებით“.

ხარაგაულელი ლილი მაღლაფერიძესთვის რკინიგზის სადგური-საავადმყოფოს მიკროავტობუსის გრაფიკი მოუხერხებელია. ამ მარშრუტის თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება. ახალი საავადმყოფოს უბნიდან ხარაგაულის ცენტრში დილის ათ საათზე ჩამოსული, ჩქარობს, რომ 30 წუთში ყველაფერი მოასწროს და სახლში კიცხისკენ მიმავალ მიკროავტობუსს გაჰყვეს. მუნიციპალური ტრანსპორტი პატარა ხარაგაულში შუადღის ორის ნახევრამდე აღარ გადის, შაბათ-კვირას კი არც ერთ რეისს არ ასრულებს. ტაქსის დასაქირავებელი თანხა კი პენსიონერ ქალბატონს არ აქვს.

წყლის გრაფიკი არაკომფორტულია ნიკო დეკანოსიძესთვის, თუმცა ის ამბობს, რომ პრობლემა მოგვარებადია. მისთვის, როგორც ხარაგაულში, ცენტრალურ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქისთვის, პრობლემაა მაწანწალა ძაღლები. მართალია, ძაღლები აცრილია, მაგრამ ქუჩაში გასვლა, განსაკუთრებთ ღამით, საშიშია. ნიკო დეკანოსიძე თვლის, რომ ხარაგაულს მაწანწალა ძაღლებით სავსე ქუჩა არ ეკადრება და მოსახლეობას მოუწოდებს, ამ პრობლემის მოგვარებაში თავადაც ჩაერთონ – საკუთარი ძაღლების ნაშიერს უპატრონონ.

„დიდი მანქანების მოძრაობა ხმაურს იწვევს, – ამბობს ნიკო დეკანოსიძე, – თან მეშინია, სასწავლო პროცესი იწყება. ყველა შვილებისა და შვილიშვილების პატრონები ვართ. ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს. ტროტუარებზე ავტომობილები დგანან. მძღოლებმა ფეხით მოსიარულეებს ტროტუარზე გადაადგილების შესაძლებლობა უნდა მისცენ“.

ნანა დევდარიანი 40 წელზე მეტია, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის უბანში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში პრობლემა პრობლემას ემატება. ამ ზაფხულს უბანში შვიდ მოსახლეს წყალი გრაფიკითაც კი არ მიეწოდებოდა. ნანა დევდარიანის ათსულიან ოჯახს უწყლობა ძალიან გაუჭირდა. მთავარ პრობლემად კი კანალიზაციის სისტემის არარსებობას მიიჩნევს. მას არასოდეს მოუსმენია, რომ ეს საკითხი ხელისუფლებას სადმე მოსაგვარებლად დაესვას.

რ. დეკანოსიძის ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსში ცხოვრობს ზაზა ლურსმანაშვილი. ზაზა და მისი მეზობლები გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რომ ხარაგაულში თითქმის ყველა კორპუსის გარე ფასადი მოწესრიგდა, მათი კორპუსის გარდა. ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ წლებია, მერიაში განცხადება უშედეგოდ შეაქვთ. ამავე კორპუსის მოსახლეობა ბინის ეზოს მხარეს ბებერი ხეების მოჭრას ითხოვს. ხეების მოტეხვის საშიშროებაა, რაც კორპუსს დააზიანებს. ეზოს ჯებირი გასამაგრებელია. ზაზა იხსენებს, რომ ამ პრობლემებზე საუბარი და მათ მოგვარებაზე დაპირება ხელისუფლებისგან გასულ წლებშიც მოუსმენია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, მათ გადაწყვეტას რა აფერხებს.

„ხარაგაულში, როგორც მთელ საქართველოში, თითქმის ერთნაირი პრობლემებია – უმუშევრობა, სიღარიბე და სიდუხჭირე, – ამბობს ხარაგაულში, გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრები გურამ სახვაძე, – ხარაგაულში მდინარე ჯიხველადან ყოველდღე, განსაკუთრებით საღამოობით, საშინელი სუნი მოდის. თან ამ მდინარის კალაპოტში დიდი ხეებია. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ჯიხველამ დაბა ხარაგაული ორჯერ დატბორა.

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების ულამაზესი პარკი სავალალო მდგომარებაშია. „ღია ესტრადას“, ორი წლის წინ რომ გაკეთდა, ვეღარ მოუარა რაიონმა, – ხელმძღვანელობამ თუ ხალხმა. გუშაგი რომ დაეყენებიათ, ალბათ ასე არ გაპარტახდებოდა. ასი ათასობით ლარი წყალში გადაიყარა. არავინ დასჯილა, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.

პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ხარაგაულში ხელმძღვანელობა არ ჩანს. მოსული კაცი, ჩემი აზრით, რაიონს არ გამოადგება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივი უნდა იყოს. ჩემ ახალგაზრდობაში რაიკომის მდივნები ხარაგაულის ქუჩებში ფეხით მოძრაობდნენ. გაივლიდნენ, გამოივლიდნენ, პრობლემებს ეცნობოდნენ, ხალხს ესაუბრებოდნენ. დღეს ხელისუფლება ქუჩაში არ გამოდის. თუ გამოდის, ჯიპებით და ხალხი მათ არ იცნობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. გაზეთში წავიკითხე, ხელისუფლების წარმომადგენლები ამა და ამ სოფელში ვიღაცას შეხვდნენო. არ მახსოვს, რომ ვინმეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მივეწვიე“.

მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე. ის უპირველეს პრობლემად დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემის მოუწესრიგებლობას ასახელებს.

„კანალიზაციის სისტემის გაკეთებასთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან მოლაპარაკებებს პირადად ვაწარმოებდი, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – თუ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ წყლის ჭაბურღილს გადავცემდით, კომპანია კანალიზაციის სისტემას მოაწყობდა. ეს დაახლოებით 4 მილიონი ლარი ჯდებოდა. თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ამ საკითხის განხილვა აღარ გაგრძელებულა. ეს პრობლემა მანამ უნდა მოგვარდეს, სანამ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გზის მშენებლობა დაიწყება.

მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობა შენობების გარე ფასადებისა და სადარბაზოების მოწესრიგებას ითხოვს. აბანოსუბანში ხიდია მოსაწყობი. „მანჩაიას“ უბანში რამდენიმე ოჯახი გზის გარეშეა დარჩენილი. გასულ წლებში იქ სახლი იმის გამო დაიწვა, რომ სახანძროს მანქანა ვერ მივიდა. პატარა ხარაგაულში, წერეთლის ქუჩაზე სანიაღვრე არხია გასაკეთებელი. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ამორტიზებულია. მოსახლეობა ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ითხოვს. დღემდე დაუსრულებელია 2017 წელს დაწყებული ჩიხების მობეტონება. ფაქტობრივად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულა. ამის გამო მოსახლეობა აღელვებულია.

წლის ბოლოს, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, ამ საკითხებს ვაყენებ და მცდელობას არ ვაკლებ. თუმცა, პრობლემები, მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ მოგვარდება. რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან თანხებს ვიღებთ. მერიამ და საკრებულომ ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ დაბა ხარაგაულის მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მიცემული დაპირებები უფლებამოსილების ამოწურვამდე შევასრულო“, – ამბობს პაატა გოგოლაძე.

ნინო კაპანაძე