12 მაისი ქრისტეს მოწაფის, ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში შემოსვლის დღეა. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ხარაგაულში. ხარაგაულშია სწორედ ის მთა, სადაც მოციქულმა რკინის ჯვარი აღმართა. ამის გამო ეწოდება მთას რკინისჯვარი.

მეთორმეტე წელია, რაც 12 მაისს ანდრიაობას მთა რკინისჯვარზე აღნიშნავს ხარაგაულელი შოთა ხარატიშვილი. პირველად სრულიად მარტო, ფეხით ავიდა მოსალოცად. მთისა და ბუნების მოყვარული შოთა დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მის ყველა თხოვნას შეისმენდა. შემდგომ წლებში მეგობრები აიყოლია და წელს უკვე სასულიერო პირებთან და ორმოცდაათზე მეტ მომლოცველთან ერთად ავიდა რკინისჯვარზე.

„ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე დიდი დღესასწაულია ხარაგაულელებისთვის, – ამბობს შოთა, – რკინისჯვარზე ყოველთვის მოკრძალებით მივდივარ და დიდ სულიერ შვებას ვგრძნობ. ყოველწლიურად იზრდება მომლოცველთა რიცხვი. მინდა, რომ ამ დღის რკინისჯვარზე აღნიშვნა უფრო მასშტაბური და ორგანიზებული გახდეს. წელს ადგილობრივი ხელისუფლება საწვავით დაგვეხმარა.

სამომავლოდ კიდევ მეტის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება. სიონში დაბრძანებულია ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატი. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ხატით მოვილოცოთ მომავალში რკინისჯვარი.“

რკინისჯვარის მოსალოცად მეექვსე წელია დადის შალვა ჩხეიძე. „პირველად თორმეტნი ვიყავით. მთავარია, რომ ტრადიცია ვითარდება. ვისურვებდი, რომ რკინისჯვარზე მსვლელობა საყოველთაო გამხდარიყოს,“ – ამბობს შალვა.

ერთ-ერთი უსაყვარლესი დღეა საბა შარიქაძესთავის 12 მაისი. ის უკვე მესამედ იყო მთა რკინისჯვარზე და ამბობს, რომ თანდათან უფრო უყვარდება ეს დღესასწაული. „ულამაზესი ბუნება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და დროის კარგად გატარება, – ესაა ამ დღესასწაულის მთავარი ხიბლი.

წლევანდელი 12 მაისი განსაკუთრებულად დამამახსოვრდება ძლიერი წვიმისა და სხვა უამრავი თავგადასავლის გამო. ვიმედოვნებ, რომ ეს ტრადიცია მუდამ გაგრძელდება. მადლობა ამ მოლოცვის ორგანიზატორ შოთა ხარატიშვილს,“ – ამბობს საბა.

„შოთა ხარატიშვილის ინიციატივით რკინისჯვარზე წელსაც ავედით. – გვიამბობს გიორგი გოგოლაძე, – წინა წლებთან შედარებით მეტნი ვიყავით. მოძღვრებმა პარაკლისი აღავლინეს. ბედნიერებაა, როცა ახერხებ ასვლას ზღვის დონიდან დაახლოებით 2 250 მეტრზე და მოილოცავ ამ წმიდა ადგილს. შენს თვალწინ იშლება ულამაზესი ხედი, რომელსაც შეგიძლია უსასრულოდ უცქირო. მინდა, ეს ტრადიცია გაუტოლდეს ისეთ დიდ სამთო ტრადიციებს, როგორიცაა „ლომისობა“ და „ალავერდობა“.

წელს მთა რკინისჯვარი მოილოცა და ანდრია პირველწოდებულის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა რიკოთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა პახუმმა. „ჩემთვის დიდი პატივია მთა რკინისჯვარის მოლოცვა, – ამბობს მამა პახუმი, – იქ თაყვანს ვცემთ მოციქულს, რომელმაც პირველად იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში. სასიხარულოა, რომ მომლოცველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

პარაკლისის აღვლენის შემდეგ მომლოცველებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს. მიხარია, რომ ხარაგაულში ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდები არიან. მათ ლექსები წაიკითხეს საკუთარი შემოქმედებიდან. ასეთი მოლოცვითი მოგზაურობები უნდა გაგრძელდეს და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. შოთა ხარატიშვილი ძალიან მონდომებულია, რომ რკინისჯვარის მოლოცვის ტრადიცია გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ხარაგაულის მშვენიერი ბუნება, ის წმინდა მთა, სადაც პირველ საუკუნეში ფეხი დაადგა ანდრია პირველწოდებულმა.“

ნინო კაპანაძე