ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი თეთრაწყაროს სკოლის შენობაში განაახლა. კიცხის სკოლის შენობის ადგილას ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

დღეს ამ სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ხარაგაულის მერმა ნიკო თოფურიძემ, საკრებულოს წევრებმა.

კიცხის სკოლის შვიდივე პირველკლასელს ბუკები გადაეცა. სკოლის დირექტორმა თამარ წიწილაშვილმა მადლობა გადაუხადა მშობლებს, რომლებმაც სკოლის დირექციას მხარი დაუჭირეს, რომ მათმა შვილებმა ერთი სასწავლო წელი საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებულ სოფელ თეთრაწყაროს სკოლის შენობაში ისწავლონ.

კიცხის სკოლის დირექტორმა მოსწავლეებსა და მშობლებს სწავლების მაღალი ხარისხით გაგრძელება აღუთქვა და აღნიშნა, რომ წლევანდელი შვიდი კურსდამთავრებულიდან ექვსი უფასო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. კიცხის სკოლის მასწავლებელი ეკა მელქაძე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მფლობელია, ორი მასწავლებელი – თამარ წიწილაშვილი და ნაირა ჩხიკვაძე წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ელოდებიან, ოთხი პედაგოგი – ნესტანი ცერცვაძე, დალი დაღელაშვილი, ცირა ბერაძე და მედეა ნიქაბაძე უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

თამარ წიწილაშვილმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედგოგებს – ციალა მჭედლიძესა და მედეა ღონღაძეს, რომლებიც სკოლიდან პენსიაზე დამსახურებული ჯილდოთი გავიდნენ.