16 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების კარს 170 პირველკლასელი შეაღებს. წლევანდელი მონაცემებით, ხარაგაულში მოსწავლეთა კონტინგენტი ცხრა მოსწავლით შემცირდა. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლა 179 ახალგაზრდამ დაასრულა.

თითო-თითო პირველკლასელს ელოდებიან მოლითის, ვახანისა და სარგვეშის საჯარო სკოლაში. არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა წიფის სკოლაში.

ფინანსური კლასები შემცირდა ბაზალეთის, ნადაბურის, სარგვეშის, უბისისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლებში.

მოსწავლეთა კონტინგენტს ინარჩუნებენ ვერტყვიჭალის, ხევისა და ბორითის სკოლებში, ხოლო ხარაგაულის #2, ხიდრის, წყალაფორეთის, ხუნევის, ღორეშის, საღანძილის, ბორისა და ლაშის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდაა.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის, ინფორმაციით, ამ სკოლაში წელს 25 პირველკლასელს ელოდებიან.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს სკოლაში კონტინგენტი საგრძნობლად იზრდება. შემდეგ წელს, სავარაუდოდ, სკოლისათვის დამატებითი ფართის მიშენების აუცილებლობა წარმოიქმნება“, – ამბობს ვალერი გოგნაძე.

კიცხის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს თეთრაწყაროში არსებულ შენობაში იწყებს, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიცხის სკოლის შენობის ადგილას მოსწავლეებისთვის ახალი შენობა უნდა ააგოს.

„თეთრაწყაროს სკოლის შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები სრულდება, – ამბობს კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – სრულად მოწესრიგდა საკლასო ოთახები და სველი წერტილები. სასკოლო ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები გადავანაცვლეთ, ტრანსპორტი ყველა მოსწავლეს მოემსახურება. კიცხიდან თეთრაწყარომდე მანძილი საკმაოდ დიდია. ამის გამო კიცხის სკოლის მოსწავლეებისათვის სწავლა 9:30 საათზე დაიწყება. ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა შენობის შეცვლას გარკვეული მღელვარება ახლავს“.

როგორ ხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები ახალ სასწავლო წელს, – ჩვენ ამ შეკითხვით 25-ვე საჯარო სკოლის დირექტორს დავუკავშირდით. გავარკვიეთ, რომ სკოლებმა საჭირო ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები შეიძინეს; სახელმძღვანელოები და პირველკლასელებისათვის კომპიუტერები უკვე გადაეცათ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყველა სკოლაში მოწესრიგდა.

სკოლების დირექტორებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები თითქმის აღმოიფხვრა მოლითის, ბორითის, ლეღვნის, ზვარეს, ნადაბურის სკოლებში. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ხიდრის, ლაშის, სარგვეშის, უბისის სკოლების შენობებს. თუმცა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ რჩება.

ხარაგაულის #3 და ღორეშის სკოლებში სარემონტო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. სკოლების ხელმძღვანელებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოები 14 სექტემბერს დასრულდება.

სამომავლოდ, სრული რეაბილიტაცია ესაჭიროება ხარაგაულის #2, წიფის, ვაშლევის, ვახანის, ბაზალეთის, სარგვეშისა და ვარძიის სკოლებს. ნადაბურისა და ხევის სკოლებში სპორტული მოედნებია მოსაწესრიგებელი, ხიდრის სკოლაში – სველი წერილები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის 14 სკოლის რეაბილიტაციას აპირებს. ამჟამად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება. ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალაფორეთის, ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლებს.

„ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გეოლოგიური გამოკვლევით დაადგინა, რომ ჩვენი სკოლის შენობას დანგრევის საფრთხე არ ემუქრება, – ამბობს წყალაფორეთის სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი, – სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ტენდერი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 56 პენსიონერი მასწავლებელი ჯილდოს მიიღებს. წიფის, ვაშლევის, უბისის, ვერტყვიჭალის, ბორითის, ვარძიის, მარელისის, მოლითის, ზვარეს, საღანძილისა და ხარაგაულის #2 სკოლებში ღვაწლმოსილ პედაგოგთა წასვლის გამო გამოთავისუფლებული ადგილები ახალი კადრებით ჩაანაცვლეს. ვაკანტური ადგილები სრულად შეივსო ლეღვნის, მარელისის, წიფის, ღორეშის, ვახანის, საღანძილის, ხარაგაულის #3, კიცხისა და ლაშის საჯარო სკოლებში.

პედაგოგთა ვაკანსიები კვლავ რჩება რამდენიმე სკოლაში. ვაშლევის სკოლაში ხელოვნების პედაგოგის, ნადაბურის სკოლაში – მუსიკის, სარგვეშის სკოლაში – რუსულის, წყალაფორეთში – გეოგრაფიის, მუსიკის, ინგლისურის, ვარძიაში – ფიზიკის, ხუნევში – ფიზიკის, მათემატიკის, ხარაგაულის #2  სკოლაში – მათემატიკის მასწავლებლების ვაკანსიებია გამოცხადებული. მსურველთა რეგისტრაცია 14 სექტემბერს სრულდება.

გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების ყველა პედაგოგს, მოსწავლესა და მოსწავლეთა მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობას, მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდასა და წარმატებებს გისურვებთ ახალ 2019-2020 სასწავლო წელს.

თამთა გოგოლაძე

ფოტოებზე: ხარაგაულის #2 და ხუნევის საჯარო სკოლები